ENGLISH
 

29.11.2006   ბეჭდვა
რომან გოცირიძე სალონიკში „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე მონაწილეობას მიიღებს „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) მმართველთა საბჭოს სხდომაში, რომელიც პირველ დეკემბერს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გაიმართება.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბანკის მმართველთა წინაშე აპირებს, დააყენოს რუსეთის მიერ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობის უხეშად დარღვევის საკითხი, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC), ასევე აღნიშნული ორგანიზაციის ბანკის - „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) სადამფუძნებლო პრინციპებს.   „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“ (BSTDB) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი სახელმწიფოებისთვის ფინანსური სიძნელეების შემსუბუქების მიზნით ჩამოყალიბდა. მისი შტაბბინა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მდებარეობს. ხელშეკრულებას ბანკის დაფუძნების შესახებ თბილისში, „ბისეკის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოეწერა ხელი 1994 წლის 30 ივნისს, ხოლო საქართველოს პარლამენტმა მისი რატიფიცირება მოახდინა 1996 წლის 25 დეკემბერს.   „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა“ ჩამოყალიბების საორგანიზაციო და სამართლებრივი სტადიების გავლის შემდეგ, 1999 წლის პირველი ივნისიდან, ფინანსური ოპერაციების წარმოება დაიწყო. მთლიანობაში, აღნიშნულმა ბანკმა საქართველოში 40 მლნ აშშ დოლარის ოდენობის პროექტები დააფინანსა. „საქართველოს ბანკს“, „თიბისი ბანკს“, „გაერთიანებულ ქართულ ბანკს“, „პროკრედიტბანკს“, „რესპუბლიკას“ 32 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხაზები გაუხსნა. ამასთან, ფოთის ნავთობტერმინალის რეკონსტრუქციის პროექტის განსახორციელებლად 8 მლნ აშშ დოლარი გამოყო.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service