ENGLISH
 

02.06.2021   ბეჭდვა
კონკურენციის წესები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული სუბიექტებისათვის

"კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონსა და „ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში 2020 წელს განხორციელებული ცვლილებებით დაზუსტდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები კონკურენციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში.  სწორედ ამ ცვლილებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტებისათვის კონკურენციის პოლიტიკის მომწესრიგებელი კანონქვემდებარე აქტები შეიმუშავა.

ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებად სფეროში კონკურენციის პოლიტიკის ეფექტური განხორციელების, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასებისა და შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით, "ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და მისი განხილვის შესახებ წესი" დამტკიცდა. წესი ბაზრის ანალიზის მეთოდებს, კონკურენტული გარემოს შეფასების კრიტერიუმებსა და პარამეტრებს ადგენს. მასში ასევე განსაზღვრულია, თუ როგორ მოხდება კონცენტრაციის (ერთი სუბიექტის მიერ მეორე სუბიექტზე კონტროლის მოპოვება ან ორი სუბიექტის შერწყმა) თაობაზე ეროვნულ ბანკთან შეტყობინების წარდგენა და შემდგომ ეროვნული ბანკის მიერ დაგეგმილი ტრანზაქციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შეფასება.

ეროვნული ბანკის მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის შეზღუდვასთან დაკავშირებული საკითხების საქმის მოკვლევის, შესაძლო დარღვევაზე  საჩივრისა და განცხადების განხილვის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და დაამტკიცა ასევე "კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი". აღნიშნული დოკუმენტი მხარეთა უფლებების დაცვის გარანტიებს, საქმის მოკვლევის ფარგლებში განსახორციელებელი მოქმედებებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს ადგენს. წესი ასევე მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ პირობითი ვალდებულებების აღების საკითხებს, ფულადი ჯარიმების დაკისრების პრინციპებს, თანამშრომლობის პროგრამაში ჩართვის დეტალებსა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის თემებს არეგულირებს.

კონკურენციის ახალი წესების თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზრდება ეროვნული ბანკის მიერ კონკურენციასთან დაკავშირებული საქმიანობის და გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა. კერძოდ, კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის თაობაზე, ასევე, კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საჯარო იქნება და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით, გამოქვეყნდება.

დამტკიცებული წესები "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონს, კონკურენციის სააგენტოს მეორად კანონმდებლობასა და ამ მიმართულებით არსებულ მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკებს, მათ შორის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტანდარტებს დაეფუძნა.

აღსანიშნავია, რომ კონკურენციასთან დაკავშირებული წესების მომზადების პროცესში ეროვნულ ბანკს ექსპერტულ დახმარებას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები უწევენ. გარდა ამისა, წესების შემუშავების პროცესი კონკურენციის სააგენტოსა და ფინანსურ სექტორთან ინტენსიური ჩართულობითა და მათთან კონსულტაციების ფონზე წარიმართა.

 

კითხვა-პასუხი

<< უკან

 
 
Copyright © 2021 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service