ENGLISH
 

13.09.2006   ბეჭდვა
საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 12 სექტემბრის მდგომარეობით, 625 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41.3 პროცენტით მეტია.   საერთაშორისო სავალუტო რეზერვების არსებული დონე საქართველოს საფინანსო და სავალუტო ბაზრების სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. 1995 წლის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყველაზე ნაკლები მოცულობის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, დაახლოებით 62 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, 1998 წლის 8 დეკემბერს ჰქონდა.   საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების სავალუტო პოზიცია ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით: 70% განთავსებულია აშშ დოლარებით, 30% – ევროთი. აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათგან მნიშვნელოვანია სავალუტო რისკების დივერსიფიცირება და რეზერვების მართვით მისაღები შემოსავლების გაზრდა. ამასთან, რეზერვების გადანაწილების პროპორცია მოსახერხებელი უნდა იყოს იმდენად, რომ ქვეყანა შეუფერხებლად მოემსახუროს საგარეო ვალებს, რომლებიც, ძირითადად, აშშ დოლარითაა დენომინირებული.    საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის უმაღლესი კატეგორიის ბანკებში დეპოზიტებსა და, ასევე, სხვადასხვა ფასიან ქაღალდებშია განთავსებული. 2006 წლის რვა თვეში საერთაშორისო სავალუტო რეზერვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 23.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემზე  90.3 პროცენტით მეტია.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service