ENGLISH
 

17.04.2021   ბეჭდვა
კობა გვენეტაძე - სსფ-ის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ისეთ რთულ გარემოებებში, რომელიც პანდემიის ფონზე შეიქმნა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ სუბირ ლალს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ეს იყო ბოლო მიმოხილვა, რითაც პროგრამა დასრულდა. საქართველომ, ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით 690 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს გაწეული სამუშაოსათვის და აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ისეთ რთულ გარემოებებში, რომელიც პანდემიის ფონზე შეიქმნა.

სსფ-ის მისიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად, საქართველოს კარგ სამსახურს უწევს.

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მისია ცალსახად უჭერს მხარს  ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ ზომებს და გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკი სათანადოდ არის კონცენტრირებული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევაზე. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საბანკო სისტემამ შეძლო ადეკვატური ბუფერების შენარჩუნება Covid-19-ის შოკთან გასამკლავებლად, რაც კრიზისამდე არსებული საზედამხედველო რეჟიმის ეფექტურობას ასახავს. სამომავლოდაც მნიშვნელოვანი იქნება პროაქტიული მიდგომების გატარება, ისე რომ საზედამხედველო პოლიტიკამ დააბალანსოს, ერთი მხრივ, ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის მხარდაჭერა და, მეორე მხრივ, სათანადოდ მართოს აქტივების ხარისხი", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ერთობლივ ვიდეოკონფერენციაზე.

დასასრულს, კობა გვენეტაძემ ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს პერიოდში აქტიურად დაიწყება მოლაპარაკებები ფონდის ახალი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით.

 

<< უკან

 
 
Copyright © 2021 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service