ENGLISH
 

16.11.2006   ბეჭდვა
„ევროპის საბანკო კონგრესზე“ ქართულ-რუსული ეკონომიკური ურთიერთობის საკითხმაც გაიჟღერა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე მონაწილეობას იღებს გერმანიის ქალაქ მაინის ფრანქფურტში მიმდინარე „ევროპის საბანკო კონგრესის“ მუშაობაში.   „ევროპის საბანკო კონგრესი“ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფორუმია მსოფლიოში. მასში მონაწილეობა მხოლოდ პერსონალური მოსაწვევის საფუძველზეა შესაძლებელი. „ევროპის საბანკო კონგრესი“ 1991 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მის მუშაობაში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს ათეულობით სახელმწიფოს ათასზე მეტი დელეგატი: ცენტრალური და კომერციული ბანკების, საფინანსო უწყებების ხელმძღვანელები, პოლიტიკოსები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები. კონგრესის მუშაობას აშუქებს პრესის სამასი წარმომადგენელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.   ფორუმის პირველ დღეს ქართულ-რუსული ეკონომიკური ურთიერთობის საკითხმაც გაიჟღერა. თავის გამოსვლაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ჟან ლემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე. კერძოდ, მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საკუთარი ენერგეტიკული რესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება დამაფიქრებელია.   ჟან ლემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოსათვის „გაზპრომის“ მიერ ბუნებრივ აირზე ფასის გაორმაგება, ისევე როგორც რუსეთის მხრიდან საქართველოს სავაჭრო ბლოკადაში მოქცევა, ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, რასაც დროული მოგვარება ესაჭიროება. ჟან ლემიერმა ბუნებრივი აირის ფასის მზარდ იარაღად გამოყენებას დაუშვებელი უწოდა.     აღნიშნულ საკითხზე გამართული დისკუსიის დროს ფორუმის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მონაწილეების მხრიდან გამოითქვა შეშფოთება ევროპის უსაფრთხო ენერგომომარაგების თაობაზე.   კონფერენცია 17 ნოემბერს გაგრძელდება, რომლის დროსაც გათვალისწინებულია გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის შემაჯამებელი გამოსვლა.  
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service