ENGLISH
 

05.04.2021   ბეჭდვა
ეროვნული ბანკის მორიგი კვლევითი ნაშრომი დომინანტური ვალუტის პარადიგმასა და ფინანსურ დოლარიზაციაზე

საქართველოს ეროვნული ბანკი, საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს. კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში. ნაშრომების სერია ვრცელდება კვლევებში განხილულ თემებზე დისკუსიის ხელშესაწყობად და უკუკავშირის მისაღებად. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებულია ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ რელევანტურ თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.
მომდევნო კვლევითი ნაშრომი "დომინანტური ვალუტის პარადიგმა და ფინანსური დოლარიზაცი" სებ-ის თანამშრომლების, თამთა სოფრომაძის და შალვა მხატრიშვილის, და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მრჩეველის გიორგი ბარბაქაძის მიერ მომზადდა. კვლევის მთავარი მიზანია, შეისწავლოს სესხების დოლარიზაციის როლი აშშ დოლარის გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე გადაცემის კუთხით. მცირე ზომის, ნაწილობრივ-დოლარიზებული ქვეყნების ანალიზის საფუძველზე შეფასებულია გაცვლითი კურსის ინფლაციაზე გავლენის სიძლიერე. როგორც შედეგები მოწმობს, რაც უფრო მაღალია ფინანსური დოლარიზაცია, მით უფრო ძლიერია გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე გადაცემა, რაც საგარეო შოკებთან გამკლავებას ართულებს. თეორიული თვალსაზრისით, მარტივი დინამიკური სტოქასტური ზოგადი წონასწორობის მოდელის საშუალებით ნაჩვენებია თუ როგორ ცვლის ფინანსური დოლარიზაციის არსებობა გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე გადაცემას. მცირე ზომის, ღია ტიპის, დოლარიზებული ქვეყნების მონეტარული პოლიტიკის გამტარებლებისათვის წარმოდგენილი შედეგები განსაკუთრებით საინტერესოა.
კვლევითი ნაშრომის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე.

<< უკან

 
 
Copyright © 2021 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service