ENGLISH
 

14.11.2006   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი „ევროპის საბანკო კონგრესის“ მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

17 ნოემბერს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში რიგით მეთექვსმეტე „ევროპის საბანკო კონგრესი“ გაიმართება, რომელშიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიიღებს მონაწილეობას.   „ევროპის საბანკო კონგრესის“ ფარგლებში გაიმართება დისკუსია თავისუფალი ვაჭრობის, ახალი საბანკო მომსახურების სახეების, ევროს მნიშვნელობის საკითხებზე. გარდა ამისა, „ევროპის საბანკო კონგრესის“ მონაწილეები იმსჯელებენ მსოფლიოს საფინანსო ბაზრების განვითარების მიმართულებებზე.   „ევროპის საბანკო კონგრესის“ ფორუმის პირველი ნაწილი დაეთმობა სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების, შემდეგ წამყვანი კომერციული ბანკების წარმომადგენლების, დასკვნითი ნაწილი კი ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების გამოსვლებს.   „ევროპის საბანკო კონგრესი“ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფორუმია მსოფლიოში. მასში მონაწილეობა მხოლოდ პერსონალური მოსაწვევის საფუძველზეა შესაძლებელი. „ევროპის საბანკო კონგრესი“ 1991 წლიდან ყოველწლიურად იმართება. მის მუშაობაში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს ათეულობით სახელმწიფოს ათასზე მეტი დელეგატი: ცენტრალური და კომერციული ბანკების, საფინანსო უწყებების ხელმძღვანელები, პოლიტიკოსები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები. კონგრესის მუშაობას აშუქებს პრესის სამასი წარმომადგენელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service