ENGLISH
 

31.12.2020   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის სრულფასოვანი ჩარჩო ექნება

2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის სრულფასოვანი ჩარჩო ექნება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილურობას.

საქართველოს პარლამენტმა ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩო დოკუმენტი 2019 წლის ბოლოს დაამტკიცა, რომლის მიხედვით კომერციული ბანკებისთვის განისაზღვრა გაჯანსაღების ჩარჩოს ძირითადი საფუძვლები  და ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების რეზოლუციის ფუნქციაც დაემატა (იხ. პრესრელიზი). აღნიშნული ჩარჩოს სრულად ამოქმედების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე და 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დასამტკიცებელი აქტების ნუსხა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ეროვნულმა ბანკმა  COVID-19 პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ ახალი საზედამხედველო მოთხოვნების შემუშავებასა და დაწესებაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა, აღნიშნული არ გავრცელდა რეზოლუციის რეფორმის მიმდინარეობაზე და ეროვნული ბანკი მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისა და დამტკიცების მიმართულებით. რეფორმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე მიუთითებს თავის განცხადებაში (იხ. ბმული) საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF),  რომელშიც ხაზგასმულია, რომ რეზოლუციის ჩარჩოს დასრულება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საფინანსო სისტემის მდგრადობას.

2020 წლის ივნისში ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც 1-ელ ივლისამდე უნდა შემუშავებულიყო (იხ. პრესრელიზი). ბანკი აქტიურად განაგრძობდა მუშაობას ჩარჩოს სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავების მიმართულებით და მიმდინარე თვეში დარჩენილი  კანონქვემდებარე აქტებიც დაამტკიცა, რითაც დაასრულა გაჯანსაღებისა და რეზოლუციის საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფა:

  • "რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით ახალი აქციების გამოშვების წესი", რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი სარეზოლუციო ინსტრუმენტის - კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით ახალი აქციების გამოშვების პროცედურები, პირობები და რეალიზაციის წესები განისაზღვრა.
  • "რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის წესი", რომლითაც ერთ-ერთი სარეზოლუციო ინსტრუმენტის - ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერისა და კონვერტაციის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებული წესები და პირობები, მათ შორის, დაშვებულ ვალდებულებებსა და კაპიტალის ინსტრუმენტებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისობის მისაღწევად აუცილებელი ფულადი სახსრების გამოთვლის, შეფასების, კონვერტაციის განაკვეთების განსაზღვრის, სამოქმედო გეგმის შემუშავების, შეთანხმებისა და განხორციელების საკითხებია დარეგულირებული.
  • "კომერციული ბანკის რეზოლუციის გეგმის შემუშავების წესი", რომლის საფუძველზე ეროვნული ბანკი შეიმუშავებს რეზოლუციის გეგმებს ბანკებისთვის, მათ შორის, ინდივიდუალურად აფასებს ბანკის ეფექტური რეზოლუციის შესაძლებლობას და შეარჩევს უპირატეს სარეზოლუციო სტრატეგიას ბანკისთვის;
  • "სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესი", რომლითაც რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეზოლუციის პროცესის დაფინანსების მიზნით დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესები და პროცედურები, ასევე, სარეზოლუციო ფონდის შექმნასთან, გაუქმებასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული წესებია განსაზღვრული.
  • "დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების ანაზღაურების მიზნით შენატანების დაკისრების კრიტერიუმებისა და შენატანების განხორციელების წესი", რომელიც დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების ანაზღაურების მიზნით შენატანების გამოთვლის კრიტერიუმებსა და პროცედურას, შენატანების განხროციელებისა და გადავადების საკითხებს ადგენს;
  • "დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და საქმიანობის წესი" - აღნიშნული წესით ადრეული ინტერვენციის ზომის - დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის - გამოყენებისას კომერციული ბანკის დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი, პროცედურა, მისი უფლებამოსილებებისა და ანგარიშვალდებულების საკითხები დადგინდა;
  • "სპეციალური მმართველის დანიშვნისა და საქმიანობის წესი", რომელიც სარეზოლუციო უფლებამოსილების გამოყენებისას, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის სპეციალური მმართველის დანიშვნისა და გათავისუფლების წესსა და პროცედურას, უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას ადგენს;
  • რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებაში, კერძოდ, 2019 წლის დეკემბერში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლში შესული ცვლილებების საფუძველზე, მნიშვნელოვნად დაზუსტდა ბოლო ინსტანციის სესხების გაცემის წესები და პირობები და შესაბამისობაში მოვიდა ამ კუთხით არსებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან.

დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტები ქვეყნის საფინანსო სექტორის კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდა და სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საბანკო სექტორის წარმომადგენლები.

გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს ეფექტური დანერგვის მიზნებისთვის, ეროვნულმა ბანკმა მომავალი წლისთვის დამოუკიდებლად და ბანკებთან ერთობლივად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა.  

<< უკან

 
 
Copyright © 2021 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service