ENGLISH
 

26.04.2001   ბეჭდვა
სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის მიერ მონეტარული პოლიტიკის შეფასების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე 26 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც დევიდ ოუენი ხელმძღვანელობს.საუბარი შეეხო სსფ-სა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ და მიმდინარე სამუშაო პროგრამას. დევიდ ოუენის გაცხადებით, მისასალმებელია, რომ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული ფისკალური პოლიტიკა საერთო მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე ჯერ კიდევ ნეგატიურად მოქმედებს. კერძოდ, კვლავ დაბალია გადასახადების ამოღების მაჩვენებელი, რის გამოც პირველ კვარტალში სრულად ვერ შესრულდა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებული პარამეტრები.სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ეროვნული ბანკი ახერხებს აღნიშნული პროგრამაში არსებული პარამეტრების დაცვას. მისივე შეფასებით, არაჯანსაღი და უპერსპექტივო კომერციული ბანკების საფინანსო ბაზრიდან წასვლის პროცესი სავსებით ნორმალური მოვლენაა და ეს არამცდაარამც საბანკო კრიზისის მომასწავებელი არაა.საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 25 აპრილს ჩამოვიდა და 9 მაისამდე იმუშავებს. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველომ სსფ-სგან "სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის" ფარგლებში ორი ტრანში დაახლოებით 24 მლნ აშშ დოლარის ოდენობით უკვე მიიღო. ამჟამინდელი ვიზიტისას მოლაპარაკებები გაიმართება მესამე დაახლოებით 12 მლნ-იანი ტრანშის გამოყოფის თაობაზე, რომელიც სავარაუდოდ ივნისში უნდა დამტკიცდეს.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service