ENGLISH
 

09.05.2001   ბეჭდვა
ევრობანკის პრეზიდენტის მიერ ქართული საბანკო სისტემის შეფასების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე 9 მაისს ევრობანკის პრეზიდენტს ჟაკ ლემიერს შეხვდა. სებ-ის პრეზიდენტმა სტუმარს საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესები გააცნო. მისი განცხადებით, ეროვნულ ბანკს მოღვაწეობის არც ისე დიდი ისტორია აქვს, თუმცა ამ ეტაპზე უკვე მრავალი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა. საბანკო სისტემის განვითარება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფონზე ეტაპობრივად მიმდინარეობს.შეხვედრაზე ევრობანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი მზადაა საქართველოს ეკონომიკის დაკრედიტების მასშტაბი გაზარდოს. მისი შეფასებით, საბანკო სისტემის რესტრუქტურიზაციის პროცესი საკმაოდ რთულია. ზოგიერთი სახელმწიფო ამას მოკლე პერიოდში ართმევს თავს, ზოგიერთს კი გაცილებით დიდი დრო სჭირდება. ჟაკ ლემიერის აზრით, ნებისმიერ ქვეყანასთან ევრობანკის მიერ დადებული ამა თუ იმ ხასიათის საკრედიტო ხელშეკრულება უპირობოდ სრულდება. მნიშვნელობა არა აქვს ის სამთავრობო გარანტიის ქვეშაა გაცემული თუ არა. როგორც ცნობილია, ზოგიერთ ქართულ კომერციულ ბანკს ევრობანკის მიერ გახსნილ საკრედიტო ხაზთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები გამოიკვეთა. ევრობანკის პრეზიდენტის შეფასებით, სამთავრობო გარანტიის არსებობამ არც სახელმწიფოს და არც კომერციულ ბანკს პრობლემები არ უნდა შეუქმნას. როგორც წესი, მენეჯმენტის სტაბილურობის პირობებში კომერციულ ბანკს არცერთ კრედიტორთან და საფინანსო პარტნიორთან ვალდებულებების გასტუმრების კუთხით პრობლემები არ ექმნება. ასე, რომ ევრობანკის მევალე ქართული ბანკები როგორც თავის ისე ერგბ-ს პრესტიჟს უნდა გაუფრთხილდნენ. ირაკლი მანაგაძის შეფასებით, ევრობანკთან ქართული კომერციული ბანკების საფინანსო ვალდებულებები ეროვნულ ბანკს განსაკუთრებულ კონტროლზე აქვს აყვანილი. მისივეგანცხადებით, შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ევრობანკი სებ-თან თანამშრომლობით, მაქსიმალურად შეეცდება ზოგიერთ კომერციულ ბანკს აწ უკვე დადებული სამთავრობო გარანტია მოუხსნას. ირაკლი მანაგაძის აზრით, ევრობანკის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი საბანკო სისტემის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ერგბ-ს განზრახული აქვს ზოგიერთ კომერციულ ბანკს ახალი პირდაპირი საკრედიტო ხაზი გაუხსნას. სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, საკრედიტო რესურსების სიმცირე კრედიტის ღირებულებას აძვირებს და სწორედ ევრობანკის საფინანსო აქტიურობის შემდგომი ზრდა სესხის გაიაფებას გამოიწვევს. საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის, მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად და კლიენტურის ფართო ფენის დაინტერესების მიზნით, მეტად პოზიტიური მნიშვნელობა ენიჭება ევრობანკის მცირე მოცულობის სესხებით დაკრედიტებას. 1996 წლის დეკემბერში თიბისი ბანკს $ 3 მლნ, თბილკრედიტბანკს $ 3 მლნ, თბილკომბანკს $3 მლნ, თბილუნივერსალბანკს $ 1 მლნ და ინტელექტბანკს $ 2 მლნ-ის მოცულობის საკრედიტო ხაზები გაეხსნა. ამასთან, 1997 წლის ნოემბერში ევრობანკმა გაერთიანებულ ქართულ ბანკს $ 10 მლნ გამოუყო, საიდანაც $ 7,5 მლნ საკრედიტო ხაზია. და ბოლოს საქართველოს ბანკს 6,7 მლნ ევროს ოდენობის საკრედიტო რესურსი მიეცა.ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი შეიქმნა 1991 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისათვის ფინანსური დახმარების მიზნით. ევრობანკის დამფუძნებელია 40-ზე მეტი სახელმწიფო და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია. საქართველო ბანკის დამფუძნებელთა რიცხვში 1994 წელს შევიდა. დღეისათვის ევრობანკი საქართველოში ახორციელებს 169,3 მლნ ევროს საერთო ღირებულების 14 საინვესტიციო პროექტს.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service