ENGLISH
 

12.06.2001   ბეჭდვა
ბაზელის კომიტეტის რეგიონული ჯგუფის შეხვედრის შესახებ

ბაზელის კომიტეტის ბანკების ზედამხედველობის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული სამუშაო ჯგუფის კონფერენცია გაიმართება თბილისში, "შერატონ მეტეხი პალასში" 18-20 ივნისს. ამ ჯგუფს მეორე წელია საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ივანე ვახტანგიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც კონფერენციაზე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარსდგება. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე. ამის შემდეგ კი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. გარდა ამისა, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ და სიტყვით გამოვლენ ბაზელის კომიტეტის საბანკო ზედამხედველობის წარმომადგენელი ჩარლზ ფრიილენდი, სებ-ის USAID-ის მრჩეველი ტერი სტროუდი, ნიდერლანდების, გერმანიის, საბერძნეთის, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ლიტვისა და საქართველოს ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. კონფერენციაზე განიხილება ინტერესთა კონფლიქტის და ბანკის ადმინისტრატორებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის ოპერაციების განხორციელების, ელექტრონულ საბანკო საქმიანობაში რისკის მართვის შესახებ საკითხები. მოეწყობა მრგვალი მაგიდა, სადაც რეგიონული ჯგუფის წარმომადგენლები საერთაშორისო საბანკო ზედამხედველობის შენარჩუნებისა და განმტკიცების საკითხში ბაზელის კომიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. საინტერესოა, რომ აღნიშნული ხასიათის შეხვედრებს არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული ხასიათი აქვს. როგორც წესი, ამ სახის კონფერენციებზე ერთობლივად შემუშავებული სტანდარტების ცენტრალურ ბანკებში დანერგვა ხდება. ასე მაგალითად, თბილისში და ყირგიზეთში გამართული კონფერენციების შედეგი იყო ის, რომ ბანკის აქტივების ხარისხის გაუარესების დროულად აღმოჩენისა და შესაძლო რისკის შეფასების მიზნით, 2001 წლის 15 იანვარს ძალაში შევიდა სებ-ის პრეზიდენტის N350 ბრძანება "კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ". ამ ბრძანების შესაბამისად, კომერციული ბანკის ფინანსური ანგარიშგება ბანკის ფინანსური მდგომარეობის ამსახველ ზუსტ და სრულყოფილ ინფორმაციას უნდა წარმოადგენდეს. აქედან უმთავრესია ბანკის აქტივების ხარისხთან და მის რეალურ ღირებულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. სწორედ აქტივების ადეკვატური ხარისხი განაპირობებს ბანკის, როგორც ეკონომიკური სუბიექტის მდგრად და სტაბილურ ფუნქციონირებას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის საბანკო სისტემის ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი სექტორის ფორმირებისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების უმთავრესი წინაპირობაა. ასევე, აღნიშნილი საკითხი უკავშირდება მოსახლეობის, ინვესტორებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ მათი კაპიტალის ბანკებში ინვესტირების პროცესს. გარდა ამისა, სებ-მა შეიმუშავა და დაინერგა ინტერესთა კონფლიქტის და ბანკის ადმინისტრატორებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის ოპერაციების განხორციელების შესახებ დებულება. ასევე, დასამტკიცებლად მზადაა შიდა აუდიტის კომბანკებში მოთხოვნების დებულებაც. ბაზელის კომიტეტი 1974 წელს შეიქმნა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ინიციატივით და 130-ზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებს. კომიტეტის შტაბ-ბინა შვეიცარიაშია, ქალაქ ბაზელში. მისი მთავარი დანიშნულებაა, დაახლოოს ქვეყნების საბანკო კანონმდებლობა. ცხადია, ეს არ ნიშნავს კანონმდებლობის ან ნორმატიული მეურნეობის იდენტიფიკაციას, საუბარია მათ ურთიერთთავსებადობაზე, რათა სხვადასხვა სახელმწიფოს ბანკებს ერთმანეთთან თანამშრომლობა არ გაუჭირდეთ. საბანკო სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის უნიფიცირებული წესების დადგენის მიზნით, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები-"ეფექტური საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპები" და "კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები". ბაზელის კომიტეტში ქვეყნები რეგიონული პრინციპით ერთიანდებიან. სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონული ჯგუფის ძირითადი ამოცანაა თითოეული ქვეყნის საბანკო ზედამხედველობის საქმიანობა ეფუძნებოდეს და მაქსიმალურად ითვალისწინებდეს აღნიშნული ფუნდამენტალური დოკუმენტებით განსაზღვრულ პრინციპებს და მოთხოვნებს. 1988 წელს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტმა მიიღო კაპიტალის ადეკვატურობის საბაზისო დოკუმენტი "კაპიტალის სტანდარტის და შეფასების საერთაშორისო კონვენცია". ორი წლის წინ განხილვის და შენიშვნების მიზნით, ამ ორგანიზაციის მიერ გამოიცა "კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების ახალი სტანდარტების" პროექტი. სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონული ჯგუფი, რომელიც 1995 წელს ჩამოყალიბდა, ოფიციალური წევრის სტატუსით ცხრა ქვეყანას აერთიანებს-საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ცენტრალურ ბანკებს. ჯგუფს, როტაციის პრინციპით, ორ-ორი წლის ვადით ხელმძღვანელობს თითოეული წევრი ქვეყნის ცენტრალური ბანკი. 2000 წელს აღნიშნული ჯგუფის თავმჯდომარეობის უფლებამოსილება საქართველოს ეროვნულ ბანკს გადაეცა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service