ENGLISH
 

16.11.2020   ბეჭდვა
ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების ეფექტიანად წარმოებისთვის ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს.

აღნიშნული სცენარების მიზანია ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას. სცენარების მიმდინარე განახლება ჩვეულზე რამდენიმე თვით ადრე ქვეყნდება, რათა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებისა და გაზრდილი გაურკვევლობის პირობებში დროულად უზრუნველყოს ფინანსური ინსტიტუტები მაკროეკონომიკური საპროგნოზო ინფორმაციით.

მიმდინარე დოკუმენტში წარმოდგენილ სცენარებში მოცემული ცვლადების დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი COVID-19 პანდემიის განვითარების შესაძლო სცენარებია. საბაზო სცენარი განიხილავს ეკონომიკის გაჯანსაღებას 2021 წლიდან, რასაც პანდემიის გავრცელების ტემპის შემცირება და მისი შემაკავებელი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა განაპირობებს. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეკონომიკის გაჯანსაღება 2021 წლიდან საბაზო სცენართან შედარებით უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს, რაც გლობალურად და ქვეყნის შიგნით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკეთესი შედეგებით მიიღწევა. პესიმისტური სცენარი კი 2021 წლის განმავლობაში პანდემიის გავრცელების მაღალი ტემპის შენარჩუნებას ითვალისწინებს, რაც გახანგრძლივებულ რეცესიაში აისახება და ეკონომიკა აღდგენას მხოლოდ 2022 წლიდან იწყებს. მოცემული საპროგნოზო პერიოდისთვის დამახასიათებელია უჩვეულოდ მაღალი გაურკვევლობა და გაზრდილი რისკები.

ფასს 9-ის მიხედვით, საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საპროგნოზო ინფორმაციას. კერძოდ, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს მოსალოდნელი ტენდენციები და ადგილობრივი და გლობალური რისკები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და ამდენად პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზე.

ამასთან, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული მაკროეკონომიკური დაშვებები იყოს ურთიერთშესადარისი, რასაც წარმოდგენილი საპროგნოზო სცენარების გამოყენება უზრუნველყოფს.

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service