ENGLISH
 

10.11.2020   ბეჭდვა
სსფ - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად გადამწყვეტი ზომები მიიღო

"რეალურ ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადამწყვეტი ზომები მიიღო", - ამის შესახებ აღნიშნულია გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულების შემდგომ სსფ-ის მისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საერთაშორის სავალუტო ფონდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო ბაზრისათვის ლარისა და დოლარის ლიკვიდობის მიწოდება და ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით ხელმისაწვდომი გახადა ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობა. "ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოს და მცურავი გაცვლითი კურსის მიმართ. 2020 წლის აპრილიდან დაწყებული, ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 100 საბაზისო პუნქტით შეამცირა და ინფლაციური მოლოდინების ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან სიახლოვეს მყარად მოსათოკად აგვისტოს შემდეგ პოლიტიკის განაკვეთს მართებულად უცვლელად ინარჩუნებს". 

სსფ მხარს უჭერს მონეტარული პოლიტიკის ამჟამინდელ მდგომარეობას, რაც მანამ უნდა შენარჩუნდეს, სანამ იმის მკაფიო ნიშნები არ გამოჩნდება, რომ ბოლოხანს ლარის გაუფასურების მიუხედავად, ინფლაცია დაღმავალ ტენდენციას ინარჩუნებს. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი კურსზე დაწოლა ინფლაციურ მოლოდინებში გადაიზრდება, ინფლაციური მოლოდინის მოსათოკად შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გახდეს საჭირო.  

საერთაშორისო სავალუტო ფონდი პრესრელიზში ინფლაციის მაჩვენებელზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ინფლაცია სამიზნე 3-პროცენტიან მაჩვენებელს 2021 წლის ბოლოს მიუახლოვდება. ამასთან, ფონდი მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინითა და დონორების მხარდაჭერით, საშუალოვადიან პერიოდში რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნებასაც პროგნოზირებს.

"კერძო სექტორის დაკრედიტების ტემპი მაღალი დარჩა, რაც ნაწილობრივ მთავრობის მიერ ლარით გაცემული იპოთეკური სესხების სუბსიდირებამაც წაახალისა. სუსტმა მოთხოვნამ და ეკონომიკის გახსნის შემდგომ მიწოდების აღდგენამ ბოლო პერიოდში ინფლაციაზე დაღმავალი ზეწოლა იქონია", - აღნიშნულია პრესრელიზში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკას და აღნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში ბანკები მდგრადობას ინარჩუნებენ, რაც კაპიტალისა და ლიკვიდურობის ძლიერმა სასტარტო პოზიციებმა და კრიზისზე ეროვნული ბანკის ძლიერმა რეაგირებამ განაპირობა. სსფ-ს გუნდი მიესალმება ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებთან კოორდინაციაში აქტივების ხარისხზე პანდემიის გავლენის პროაქტიულ მონიტორინგს და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს დასანერგად მუშაობის გაგრძელებას.

5 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან. პროდუქტიული დისკუსიის შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ და სსფ-ს მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულების თაობაზე. შეთანხმების მიხედვით, აღმასრულებელი საბჭოს განხილვის შემდეგ, საქართველოსთვის 79 მილონი ესდეერი (დაახლოებით 112 მილიონი აშშ დოლარი) გახდება ხელმისაწვდომი. სულ საქართველოში "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში ჩამორიცხული მთლიანი თანხა 406 მილიონ ესდეერს, (დაახლოებით  576.4 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდება.


IMF Staff Concludes Virtual Review Mission to Georgia

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service