ENGLISH
 

12.09.2002   ბეჭდვა
საგადამხდელო სისტემების მართვის ეროვნული კომიტეტის სხდომის შესახებ

2002 წლის 12 სექტემბერს ეროვნულ ბანკში გამართულ საგადამხდელო სისტემების მართვის ეროვნული კომიტეტის სხდომაზე ,,საქართველოს საგადამხდელო სისტემებისა და მათი განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ” კონცეფცია და ,,კლირინგის სისტემის მიმართ მოთხოვნების” დოკუმენტი დაამტკიცეს. ამასთან, შეთანხმდენენ, რომ ქ. თბილისში 28-29 ოქტომბერს საგადამხდელო სისტემების თემაზე საერთაშორისო სემინარი ჩატარდეს.  საქართველოს ეროვნული ბანკი საგადამხდელო სისტემის დახვეწას და მართვის ეფექტურობის გაუმჯობესებას ცდილობს. ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 5 აპრილის N91 ბრძანებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების რეკომენდაციით, შეიქმნა საგადამხდელო სისტემების მართვის ეროვნული კომიტეტი, რომელსაც ირაკლი მანაგაძე ხელმძღვანელობს. საქართველოს საგადამხდელო სისტემების მართვის ეროვნული კომიტეტის შექმნის მიზანია ქვეყანაში საგადამხდელო სისტემების განვითარებით დაინტერესებული ყველა მხარის წარმომადგენლების  ერთ საკონსულტაციო ორგანოში გაერთიანება. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან სებ-ის, სამინისტროებებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების, კომერციული ბანკების ასოციაციის, თბსბ-ის, საქართველოს საფონდო ბირჟის, ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, სააქციო საზოგადოება ,,ჯორჯიან ქარდის” და კორპორაცია ,,იუ-ეფ-სის” წარმომადგენლები.    ქართველოში აღნიშნული კომიტეტის შექმნის აუცილებლობა საგადამხდელო სისტემების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად საქმიანობას უკავშირდება. ამ კომიტეტის ექსპერტები საგადამხდელო სისტემების სფეროში დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ასახელებენ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. კერძოდ, ანგარიშსწორების სისტემების, როგორც ფულადი სახსრებისა და სხვა სახის ლიკვიდური აქტივების (მაგალითად, ფასიანი ქაღალდებისა და უცხოური ვალუტის) გადარიცხვის, ძირითადი საშუალებების  გამართულ მუშაობას; მსხვილი სახსრების გადარიცხვის სისტემას,  რომელიც დიდ როლს ასრულებს ცენტრალური ბანკის მთავარი ფუნქციის - მონეტარული სტაბილურობის მიღწევა-შენარჩუნებაში. ამ მიზნის განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ ბანკთაშორისი ფულადი ბაზრები იყოს ლიკვიდური და წარმოადგენდეს ფულად-საკრედიტო სფეროში მიმდინარე მდგომარეობის საიმედო ინდიკატორს.  თუ ფულადი სახსრები დაყოვნებულია საგადამხდელო სისტემაში, მათი გამოყენება სხვა მიზნებისათვის შეუძლებელი ხდება. ამავე დროს, თუ ეკონომიკურ სუბიექტებს არ აქვთ მათთვის გადასახდელი თანხების ჩარიცხვის დროის ზუსტად განსაზღვრის საშუალება, გართულებულია საოპერაციო და სხვა სახის ხარჯების ეფექტური და ოპტიმალური დაგეგმვა.  სებ-ის პრეზიდენტის ირაკლი მანაგაძის ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში მოქმედი ძირითადი ანგარიშსწორების სისტემა – ,,ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სისტემა” (ბას), რეალური დროის რეჟიმში ამუშავებს ნებისმიერი სახის გადარიცხვას, მიუხედავად მისი დანიშნულებისა თუ ფულადი მნიშვნელობისა. ჩვეულებრივ, ასეთი სისტემები უნდა ამუშავებდეს მაღალი პრიორიტეტისა და ფულადი ღირებულების მქონე სასწრაფო გადარიცხვებს. ანგარიშსწორების ,,ნეტ” პრინციპზე აგებული სისტემების გამოყენებისას, გადარიცხვების დამუშავება ხდება ვალდებულებების ურთიერთჩათვლის ორმხრივი ან მრავალმხრივი პოზიციის დათვლისა და შესაბამისი შედეგების რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემაში ასახვის გზით. ირაკლი მანაგაძის შეფასებით, ბანკთაშორისი ანგარიშსწორების ახალი სქემების შემუშავებისა და რეალიზაციის მიზანია ალტერნატიული ანგარიშსწორების სისტემების შექმნა, რომლებიც მონაწილეებს საშუალებას მისცემს უფრო ოპტიმალურად გამოიყენონ ლიკვიდური სახსრები ანგარიშსწორების ოპერაციებისათვის და იმავდროულად მინიმუმამდე დაიყვანს ზემოთხსენებულ რისკებს, რაც ჩვეულებრივ თან ახლავს ,,ნეტ” პრინციპზე აგებული სისტემების ექსპლუატაციას.  ეროვნული ბანკი თავად გვევლინება საგადამხდელო სისტემების მომხმარებლად, ვინაიდან მის მიერ განხორციელებული ოპერაციები ითვალისწინებს ფულადი სახსრების გადარიცხვას. ამასთან, სებ-ი არის საგადამხდელო სისტემის მონაწილე, ანგარიშსწორების სერვისის მიმწოდებელი და საზოგადოების ინტერესების დამცველი.   სებ-ის ექსპერტების შეფასებით, ეროვნული ბანკი გამოდის როგორც საგადამხდელო სისტემის რეგულატორი და მეთვალყურე, ანგარიშსწორების სისტემების მონაწილეთა ზედამხედველი.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service