ENGLISH
 

24.10.2002   ბეჭდვა
სავალუტო ფონდის მისიის სებ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე 24 ოქტომბერს შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას, რომელსაც მეორე ევროპული დეპარტამენტის ასისტენტ-დირექტორი პაულო ნეუჰაუსი ხელმძღვანელობს.  შეხვედრისას განიხილეს სებ-ის ფულად-საკრედიტო, საკურსო და საზედამხედველო პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები. პაულო ნეუჰაუსის ინფორმაციით, სსფ-ის მისიის ამჟამინდელი სტუმრობის მთავარი მიზნებია: საქართველოს მთავრობისა და სსფ-ის მიერ შემუშავებული „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის” პროგრამის მიმდინარეობის და 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარამეტრების განხილვა.   მეორე ევროპული დეპარტამენტის ასისტენტ-დირექტორის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა პოზიტიურად მიმდინარეობს, ინფლაცია დაბალია, ლარის გაცვლითი კურსი სტაბილური, საფინანსო სექტორი საგრძნობლად ვითარდება.  დღესდღეობით მეტი ყურადღება ბანკების საზედამხედველო პოლიტიკის გაძლიერებისკენ უნდა იყოს მიმართული.  სებ-ის პრეზიდენტის ირაკლი მანაგაძის ინფორმაცით, სავალუტო ფონდის მისია პერიოდულად მონიტორინგს უწევს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და მათ რამდენიმე წელიწადია სებ-ის საქმიანობის მიმართ სერიოზული შენიშვნები არ გამოუთქვამთ. ეროვნული ბანკი სისტემატურად ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.  პაულო ნეუჰაუსის აზრით, მთავრობა ცდილობს მოაგვაროს ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული პრობლემები და სსფ ეცდება ხელისუფლებას ამ საკითხში რეკომენდაციებით  დაეხმაროს.   „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის” პროგრამა საქართველოსთვის 141 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. აქედან, ქვეყანამ სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესავსებად უკვე მიიღო 2001 წლის 24 იანვარს 11.7 მლნ-ის, 23 მარტს  11.455 მლნ-ის, 5 ნოემბერს 11.5 მლნ-ის აშშ დოლარი, ხოლო 2002 წლის 27 ივლისს 22.5 მლნ  SDR–ის მოცულობის საკრედიტო რესურსები.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service