ENGLISH
 

22.11.2002   ბეჭდვა
საკრედიტო კავშირისათვის პირველი სალიცენზიო მოწმობის გაცემის შესახებ

22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო კავშირების პირველი სალიცენზიო მოწმობა გასცა. ის  სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვანო ვახტანგიშვილმა საკრედიტო კავშირის „საგარეჯოს რძის” ხელმძღვანელს ზაზა გურჯიძეს გადასცა. ვახტანგიშვილის ინფორმაციით, ამიერიდან საკრედიტო კავშირებსა და ეროვნული ბანკის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის სამმართველოს შორის საფუძველი დაედო საკანონმდებლო ჩარჩოში ურთიერთანამშრომლობას.  საქართველოს პრეზიდენტმა 2002 წლის 4 ივლისს ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს „არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ”. ეს კანონი არეგულირებს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის - კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმოს საქმიანობას, რომელიც მხოლოდ თავისი წევრებისაგან ღებულობს ანაბრებს, აძლევს მათ სესხს, ახორციელებს ამ კანონით ნებადართულ საბანკო საქმიანობას და რომლის უმთავრესი მიზანი არ არის მოგების მიღება.   საკრედიტო კავშირის საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა ფულადი ფორმით განისაზღვრება მისი წევრთა რაოდენობისა და 50 ლარის ნამრავლის ოდენობით. მისი განაღდება საკრედიტო კავშირის წევრების მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიცენზიის მისაღებად განცხადების წარდგენამდე. საკრედიტო კავშირის მინიმალური ოდენობის დადგენის მთავარი კრიტერიუმი არის მათი აქტივები შესაბამისად, საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის გადასინჯვა და მისი მოთხოვნის ზრდა განხორციელდება ისე, რომ გადასინჯვის თარიღისათვის მისი სიდიდე არ იყოს თითოეული მათგანის აქტივების 10%-ზე ნაკლები. საკრედიტო კავშირის მთლიანი კაპიტალის მინიმალური ოდენობა მის მიერ ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა იყოს არანაკლები საწესდებო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნისა, ხოლო შემდეგ, მომდევნო წელს აქტივების არანაკლებ 12%-სა.   საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპებია: წევრობის ნებაყოფლობითობა; ფიზიკურ პირთა საერთო ნიშნით გაერთიანება; წევრთა უშუალო მონაწილეობა საკრედიტო კავშირის მართვაში. საკრედიტო კავშირმა უნდა გასწიოს ზემოაღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება, სასესხო ვალდებულებების აღების ჩათვლით.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service