ENGLISH
 

17.01.2003   ბეჭდვა
სებ-ში ჰოლანდიის ეროვნული ბანკის მიერ გამართული პრეზენტაცია-სემინარის შესახებ

ჰოლანდიის  ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა 17 იანვარს სებ-ში გამართეს პრეზენტაცია-სემინარი თემაზე: „ჰოლანდიის ეროვნული ბანკის როლი ქვეყანაში ფულის რეცხვის წინააღმდეგ ბრძოლაში”. სემინარზე თავისი მოსაზრებები წარმოაჩინეს გერტ დემინკმა და ანიგ როგაარმა.  პრეზენტაციაზე მიმოიხილეს ჰოლანდიაში ფულის „გათეთრების” წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობა და საქართველოში მისი მიღებისა და სრულყოფის აუცილებლობა. ამ კონტექსტში ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (ფმს), როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გერტ დემინკმა ცალსახად განმარტა, რომ ფსმ არა მარტო ჰოლანდიაში, არამედ სხვა სახელმწიფოებშიც აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანოა. მის მუშაობაში ვერავინ ერევა. ფმს-ის საქმიანობის მთავარი მიმართულებაა საბანკო არხებში კრიმინალური ტრანზაქციების გამოვლენა და მათზე რეაგირება, მათი საგამოძიებო ორგანოებისთვის გადაცემა. გარიგების საეჭვოობის გამოვლენის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ადგენს და აწვდის მონიტორინგის განმახორცილებელ პირებს ჩამონათვალს, მითითებებს, მაგალითებს საეჭვო ოპერაციებზე, ინფორმაციას ტერორიზმთან დაკავშირებული პირების შესახებ. სხვადასხვა ქვეყანაში ფმს აღჭურვილია საკანონმდებლო უფლებამოსილებით, ანუ საეჭვო ოპერაციის გამოვლენის შემთხვევაში, ის ავალდებულებს შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას საჭირო ინფორმაცია. ჰოლანდიელი სპეციალისტის განმარტებით, ფსმ-ის მიერ გაწეული საქმიანობა აღირიცხება წლიურ ანგარიშში, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.  ნებისმიერი კომერციული ბანკის კლიენტი მისი უფლებების დაცვის საკითხში დარწმუნებული უნდა იყოს. კანონის ფარგლებში, კლიენტის ანაბრები თუ ბიზნესმენის გარიგებები გამჟღავნებას არ ექვემდებარება, საბანკო საიდულმოების გაცემა კანონით აკრძალულია. რაც შეეხება საკითხს, თუ რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს კომერციულმა ბანკმა ფმს-ს, ამის შესახებ ჰოლანდიის გამოცდილება მიუთითებს, რომ მეტწილად ასეთი სახის საეჭვო  ინფორმაციებს კრიმინალური ხასიათი აქვს და ფსმ-ს მიერ მათი დამუშავების შემდეგ, ეს საქმეები  საბოლოო ინსტანციაში სასამართლოში განიხილება. საქართველოს კანონის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” თანახმად, ბანკის მიერ ინფორმაციის გამჟღავნება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. გერტ დემინკის განმარტებით, ამ პროცესს მხოლოდ გაჭიანურებული სახე აქვს. საკანონმდებლო ორგანოს მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონპროექტის” დამტკიცების შემდეგ  საქმის წარმოების შენელების ეს პრაქტიკა აღმოიფხვრება. თუ კომერციული ბანკი ჩათვლის, რომ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვა, ბუნებრივია, მასაც ექნება უფლება უჩივლოს შესაბამის სამსახურს ან გაასაჩივროს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თავის მხრივ, კლიენტსაც ანალოგიური უფლებამოსილება ენიჭება.   რაც შეეხება ეროვნული ბანკის როლს,  ცენტრალური ბანკის საზედამხედველო ორგანო მეთვალყურეობას უწევს კომერციული ბანკების მიერ განხორციელებულ პროცედურებს, რომლებიც არ გულისხმობს ბანკებში  კერძო პირების ანაბრების შემოწმებას. მის უფლებამოსილებაში შედის კომერციულ ბანკებში საზედამხედველო ნორმატივების დაცვასა და შიდა კონტროლის დანერგილ მექანიზმებზე მონიტორინგი. გარდა ამისა, თუ კომერციული ბანკი ფმს-ს არ აწვდის ამა თუ იმ საეჭვო ინფორმაციას, ჰოლანდიის ეროვნულ ბანკს უფლება აქვს აიძულოს ასეთი ბანკი წარმოადგინოს დამალული ინფორმაცია. ფმს-სთვის არასათანადო და არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, კომერციულ ბანკი, ჰოლანდიის საბანკო კანონმდებლობის შესაბამისად, 2 მლნ აშშ დოლარამდე ჯარიმდება.  ჰოლანდიაში საეჭვო ინფორმაციის ცნება დღემდე   ზუსტად არ არის განსაზღვრული. ამ ეტაპზეც მიმდინარეობს მსჯელობა მისი დახვეწისა და კანონში ზუსტად ასახვის მიმართულებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნის ფინანსური მონიტორინგის სამსახური მისთვის საეჭვო ინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას არ ახდენდეს. ჯერჯერობით ამ საკითხს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არეგულირებს, რომლის თანახმად საეჭვო ინფორმაცია ფაქტებსა და გარემოებებს უნდა ეფუძნებოდეს.  ამასთან, გასათვალიწინებელია ბაზელის კომიტეტის მიერ მიღებული დოკუმენტებიც, რომლებიც ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობას არეგულირებენ.    ჰოლანდიელი სპეციალისტის ინფორმაციით, მის ქვეყანაში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის არსებული კანონმდებლობით, გათვალისწინებულია როგორც კომერციული ბანკებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, ისე კაზინოების შემოწმებაც.  ჰოლანდიის ეროვნულ ბანკთან არსებობს საკონსულტაციო მრჩეველთა კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიან საბანკო ასოციაციის, ფასიანი ქაღალდების ინსპექციის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებისა და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები. აღნიშნული კომიტეტი თანამშრომლობს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელთან და ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის რეკომენდაციებს ამუშავებს.  სებ-ის პრეზიდენტის ირაკლი მანაგაძის ინფორმაციით, ჰოლანდიის ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის დანერგილი მექანიზმები აბსოლუტურად ემთხვევა სებ-ის მიდგომებს. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ” კანონპროექტის მომზადებისას, ეროვნული ბანკი საბანკო სისტემისადმი ნდობის შენარჩუნებისა და გაზრდის მიზნით ამ კანონის შემოღების ინიციატორად მოგვევლინა. მისივე განმარტებით, საქართველოში არსებული ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები ლეგალურ ჩარჩოში უნდა მოექცეს, ფული საბანკო არხებში უნდა ბრუნავდეს. ეს კანონპროექტი არ ზღუდავს ეკონომიკური სუბიქტების ინტერესებსაც, რათა მათ ოპერაციები საბანკო სისტემის მეშვეობით შეუფერხებლად აწარმოონ. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ფმს განახორციელებს იარაღის, ნარკოტიკების ბიზნესისა და ე.წ. ტრეფიკინგიდან უკანონოდ შემოსული ფულის გათეთრების წინააღმდეგ ქმედებებს. ამ პროცესში ყველა ორგანოს: ეროვნულ ბანკს, კომერციული ბანკებსა და ფმს-ს თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ირაკლი მანაგაძეს იმედი აქვს, რომ პარლამენტი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ” კანონპროექტს უახლოეს მომავალში დაამტკიცებს.  „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ” კანონპროექტი 2002 წლის 27 ნოემბერს მოიწონა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საკანონმდებლოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service