ENGLISH
 

27.07.2020   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ბანკის ლიცენზირების საკითხს განიხილავს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სტაბილურობის და მომხმარებელთა ფინანსური ჩართულობის გაზრდისთვის, ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვატორული მიდგომების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ფინანსურ სექტორში ინოვაციური მოდელების მხარდასაჭერად ეროვნულმა ბანკმა უკვე აამოქმედა ფინანსური ინოვაციების ოფისი და რეგულირების ლაბორატორია.

ამჟამად, საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოში ციფრული ბანკის ლიცენზირების საკითხს განიხილავს. ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს: ინოვაციური ბიზნესს მოდელების განვითარებას; ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას; დიდი მონაცემების უკეთ გამოყენებას; მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას; ღრუბლოვანი სერვისების ეფექტურ გამოყენებას; ტექნოლოგიურ კომპანიებთან ინტეგრაციის გამარტივებას და საბითუმო ბაზარზე საბანკო საქმის როგორც სერვისის მოდელის განვითარებას; ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში. რისკების მიტიგაციის მიზნით ეროვნული ბანკი გამოიყენებს რეგულირების ლაბორატორიის ანალოგიურ სამ ეტაპიან მიდგომას. დეტალები ციფრული ბანკის ლიცენზირების პროცესში განხილულ მიდგომაზე შეგიძლიათ თანდართულ ფაილში იხილოთ.

ციფრული ბანკის ლიცენზიის მიღებით ან/და ციფრული ბანკის ჩარჩოს განვითარებით დაინტერესებულ პირებს განხილვებისთვის შეუძლიათ მიმართონ ეროვნული ბანკის ფინანსური ინოვაციების ოფისს.

ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპები
ციფრული ბანკის ლიცენზირების პროცესის გზამკვლევი

 

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service