ENGLISH
 

12.09.2006   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე 19-20 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც სინგაპურში გაიმართება.   „საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს წლიური შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც მსოფლიო ეკონომიკის განვითარების სტრატეგია იკვეთება. ასეთ ფორუმებში ასევე მონაწილეობენ მსოფლიოს უდიდესი  საფინანსო კომპანიების წარმომადგენლები. იმართება საინტერესო და მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები,“ – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებთან და წამყვანი საფინანსო სტრუქტურების ხელმძღვანელებთან.     წლიურ შეხვედრაზე განიხილება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგრამების მიმდინარეობისა და განხორციელების საკითხები. გარდა ამისა, აღნიშნულ ფორუმზე გამოიკვეთება ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებითაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან სახელმწიფოთა მთავრობებისადმი მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს.   საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრები 1946 წლიდან იღებს სათავეს. აღნიშნული თავყრილობების ფორმატი ითვალისწინებს შეხვედრის გამართვას ზედიზედ ორ წელს ვაშინგტონში (შტაბბინაში), ხოლო მესამე წელს – სხვა ქვეყანაში. წელს შეხვედრა სინგაპურში იმართება. ამ ფორუმებში მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი სახელმწიფოების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები და ფინანსთა მინისტრები.  
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service