ENGLISH
 

17.10.2006   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფრანგული ბანკის „სოსიეტე ჟენერალეს“ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ფრანგული ბანკის „სოსიეტე ჟენერალეს“ წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრას დაესწრო ქართული ბანკის „რესპუბლიკას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა პაპაშვილი. „სოსიეტე ჟენერალემ“ ბანკი „რესპუბლიკას“ აქციების 60 პროცენტი იყიდა.   შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სტუმარს საქართველოს საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესები გააცნო. „ჩვენი ბანკი უნივერსალური საფინანსო დაწესებულებაა.  „სოსიეტე ჟენერალე“ მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე მხოლოდ პროფესიონალ და მომგებიან საბანკო სექტორში მოღვაწეობს. საქართველოს საბანკო სექტორი წარმატებით ვითარდება, რამაც გადაგვაწყვეტინა საქართველოში ინვესტიციების განხორციელება,“ - განაცხადა ფრანგული ბანკის დირექტორატის წევრმა ჟან-ლუი მატეიმ.        საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, „საქართველოს საბანკო სექტორით ისეთი საბანკო გიგანტის  დაინტერესება, როგორიცაა „სოსიეტე ჟენერალე“  ნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა სანდო და გამართულია. მისი შემოსვლით უცხოელ ინვესტორებს მიეცათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ საქართველოს საბანკო სექტორში ინვესტიციების განხორციელება მომგებიანია, ქვეყანაში პოლიტიკური და ფინანსური სტაბილურობაა და სახელმწიფო აღმშენებლობის გზას ადგას,“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ვითარდება. ქვეყანაში არის სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და საბანკო სექტორი ძლიერია, როგორც არასდროს. ასევე დიდია უცხოური ბანკების დაინტერესება ინვესტირებით.   „სოსიეტე ჟენერალეს“ მთლიანი აქტივები (2006 წლის ივნისის მდგომარეობით, ფრანგული ბანკის მთლიანი აქტივები 1516 მილიარდ ევროს შეადგენს) რუსეთის ფედერაციაში მოქმედ ყველა ბანკზე თითქმის 5-ჯერ მეტია. რუსეთის საბანკო სისტემის მთლიანი აქტივები დაახლოებით 340 მილიარდი ევროა.   ფრანგული ბანკი „სოსიეტე ჟენერალე საფრანგეთში მთლიანი აქტივების მიხედვით მესამე, მსოფლიოში კი მე-11 ბანკია.  ამ ბანკში მსოფლიოს 76 ქვეყანაში დასაქმებულია 103 ათასამდე ადამიანი, ემსახურება 20 მლნ-ზე მეტ კლიენტს.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service