ENGLISH
 

06.02.2003   ბეჭდვა
საბანკო სისტემის 2002 წლის ზოგიერთი მაჩვენებლის შესახებ

2002 წელს საბანკო სისტემის მთლიანი აქტივები 236 მლნ ლარით (27%-ით) გაიზარდა. ამით, პირველად სისტემის მთლიანმა აქტივებმა მილიარდ ლარს გადააჭარბა და 1 116 მლნ ლარი შეადგინა.  აქედან, 629 მლნ ლარს შეადგენს საკრედიტო დაბანდება, რომელმაც გასული წლის დასაწყისთან შედარებით 29%-ით მოიმატა. საკრედიტო დაბანდება სტაბილურად საბანკო აქტივების 55-60%-ის ფარგლებში მერყეობს.  გასული წელს ზრდის ტემპი დაფიქსირდა აგრეთვე ბანკებში აკუმულირებულ სახსრებზე. კერძოდ, საბანკო სისტემაში არსებული ვალდებულებები გაიზარდა 31%-ით და შეადგინა 799 მლნ ლარი, ბანკების მიერ მოზიდულმა დეპოზიტებმა და მათ შორის ანაბრებმა წლის დასაწყისთან შედარებით განიცადეს ზრდა, შესაბამისად,  36% და 56%-ით და თანხობრივად 575 და 265 მლნ ლარი შეადგინეს. ბანკების ვალდებულებების სტრუქტურაში დაპოზიტები შეადგენს 72%-ს და განვლილი პერიოდის განმავლობაში მისი ცვალებადობა 66-დან 71%-ის ფარგლებშია მოქცეული.  კომერციული ბანკების სააქციო კაპიტალი თორმეტი თვის განმავლობაში გაზრდილია 18%-ით და შეადგენს 316 მლნ ლარს, რის ძირითად მიზეზსაც გაუნაწილებელი მოგების ზრდა წარმოადგენს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში 50 მლნ ლარით გაიზარდა და შეადგინა 61 მლნ ლარი.  საქართველოს საბანკო სისტემის წმინდა მოგებამ 2002 წელს შეადგინა 43.3 მლნ ლარი. წმინდა მოგების ზრდა, როგორც ყოველთვის, ძირითადად განპირობებულია წმინდა საპროცენტო შემოსავლების მატებით, საპროცენტო შემოსავლების ზრდა კი ძირითადად გამოწვეულია საკრედიტო პორტფელის მოცულობის 29%-იანი ზრდით, რომელიც საბანკო სისტემისათვის ძირითადი საპროცენტო შემოსავლების მომტანი აქტივია. 2002 წლის მონაცემებით, საბანკო სისტემის წმინდა მოგება ფორმირებულია 24 ბანკის 45.8 მლნ ლარის მოგებისა და სამი ბანკის 2.4 მლნ ლარის ზარალის შედეგად.   მთლიანობაში, საბანკო სისტემის ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ სისტემისთვის დამახასიათებელია ზრდის ტენდენცია. ამასთან, სისტემაში არსებული აქტივების 78%, ვალდებულებების 84% და დეპოზიტების 84% კონცენტრირებულია 7 უმსხვილეს ბანკში. ამდენად, ამ ბანკების ფინანსური სიჯანსაღე განსაზღვრავს ძირითადად საბანკო სისტემის სტაბილურობის ხარისხს.  2002 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების რაოდენობა ორი ერთეულით შემცირდა (სს „თბილკრედიტბანკი“ და სს „საკონტინენტთაშორისო კომერციული ბანკი ლიბერტი“) და 2003 წლის 1 იანვრის მდგომარეობით წარმოდგენილია 27 საბანკო დაწესებულებით, რომელთაგან ორი აზერბაიჯანის და თურქეთის ბანკების ფილიალებია.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service