ENGLISH
 

25.03.2003   ბეჭდვა
საგადამხდელო სისტემების მართვის ეროვნული კომიტეტის მორიგი სხდომის შესახებ

25 მარტს ეროვნულ ბანკში გაიმართა საქართველოს საგადამხდელო სისტემების მართვის ეროვნული კომიტეტის მორიგი სხდომა, რომელმაც განიხილა ქვეყნის საბანკო სისტემაში უქაღალდო ტექნოლოგიებისა და ფასიანი მომსახურების დანერგვის საკითხები და კომიტეტის სტრატეგიის ფორმულირებისა და განვითარების სამუშაო ჯგუფის 2003 წლის გეგმა. კომიტეტის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ,,საქართველოს საბანკო სისტემაში ელექტრონული საქმიანობის შესახებ" და ,,რეალური დროის რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის შესახებ" დებულებათა პროექტების ცალკეული მუხლების ირგვლივ მსჯელობას. აღნიშნული დოკუმენტები მიზანად ისახავს ამა თუ იმ ელექტრონულ-ტექნოლოგიური საგადამხდელო სისტემების დამკვიდრების პროცესში დახმარება გაუწიონ საქართველოს საბანკო სფეროს მუშაკებს სამართლებრივი ნორმების თვალსაზრისით: მონახონ საერთო ელემენტები სამართებლივ სფეროსა და ნებისმიერ სისტემას შორის; სამართლებრივი ნორმების ცვლილებები, რომლებიც არაგულირებენ გადარიცხვების პროცესებს, შესაბამისობაში მოიყვანონ მოქმედ და პერსპექტიულ სისტემებთან; უზრუნველყონ სისტემის მესაკუთრის და მომხმარებლის უფლებების რეგულირება. ახალი ტექნოლოგიების დანერგვისას სამართლებრივი ნორმები მოითხოვენ კორექტივების შეტანას ისეთ საკითხებში როგორიცაა ელექტრონული მომსახურების სახე, ოპერაციათა წარმოებისა და საბუთბრუნვის წესი, მოთხოვნები პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების მიმართ, უსაფრთხოების პოლიტიკა, ოპერაციების შესრულების ვადები, გადმორიცხვის დასრულებადობა, პასუხისმგებლობა ტექნიკური შეფერხებების შემთხვევებში და სხვ. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება საკითხების შეჯერების შემდეგ, დებულებების პროექტები უმოკლეს ვადაში დასამტკიცებლად წარუდგინოს იუსტიციის სამინისტროს.საქართველოს საგადმხდელო სისტემების მართვის ეროვნული კომიტეტი ქვეყანაში ასეთი სისტემების (ანგარიშსწორება საგაგადასახადო დავალიანებებით, პლასტიკური ბარათებით, სხვა მსგავსი საერთაშორისო სტანდრტების ტექნოლოგიებით) კომპლექსური განვითარების მიზნით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 5 აპრილის N91 ბრძანებით შეიქმნა. კომიტეტი სათათბირო ორგანოა, რომლის ფუნქციას წარმოადგენს საგადამხდელო სისტემების განვითარების კონცეპტუალური სტრატეგიის შემუშავება და ამ სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების დამტკიცება და მათი რეალიზებისათვის გზების დასახვა. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ეროვნული ბანკის, სამინისტროებისა და უწყებების, ასევე კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლები.  
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service