ENGLISH
 

02.05.2020   ბეჭდვა
სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვა და დათანხმდა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის გაზრდის მოთხოვნას COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი საჭიროებების დასაფინანსებლად

  • სსფ-მ დაამტკიცა გადაწყვეტილება საქართველოსთვის 200 მილიონ აშშ დოლარის საბიუჯეტო დახმარების გამოყოფის თაობაზე COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი საბიუჯეტო და საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭირობების დასაფინანსებლად.

  • პანდემია, სავარაუდოდ, საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან კვალს დატოვებს, რაც წინა წლებში ეკონომიკის ზრდის პოზიტიურ ტენდენციას შეაფერხებს.

  • მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ქვეყნის ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები: გაზარდა ხარჯი ჯანდაცვის და სოციალური დახმარების მიმართულებთ, ასევე შოკის დროს ბიზნესის მხარდასაჭერად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა საქართველოში მიმდინარე "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი სამწლიანი პროგრამის მეექვსე მიმოხილვა. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ასევე დაამტკიცა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის ქვოტის 130 პროცენტით ზრდა, ამით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი მთლიანი თანხა SDR 484 მილიონს (ქვოტის 230 პროცენტს) გაუტოლდება.

ამ მიმოხილვის დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება SDR147 მილიონი (დაახლოებით $200 მილიონი დოლარი) საბიუჯეტო დახმარების სახით, რაც საქართველოს მოეხმარება COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი საბიუჯეტო და საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭირობების მოგვარებაში, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების გაზრდილი ხარჯების დაფინანსებაში. ამ ჩამორიცხვის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ჩამორიცხვები გაუტოლდება SDR 327 მილიონს (დაახლოებით $448 მილიონ დოლარს).

მიმოხილვის მსვლელობისას სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ასევე დააკმაყოფილა ქვეყნის ხელისუფლების თხოვნა პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტის დეფიციტზე დაწესებული კრიტერიუმის დაუცველობის უგულებელყოფის შესახებ.

პანდემია, სავარაუდოდ, საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან კვალს დატოვებს, რაც წინა წლებში ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტენდენციას შეაფერხებს. შესუსტებულმა მაკროეკონომიკურმა მდგომარეობამ და ფისკალურმა ვითარებამ, შექმნა საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის და ბიუჯეტის დაფინანსების მყისიერი საჭიროება. სსფ-ს მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების გაზრდილი ხარჯის დაფინანსებაში.

აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ განხილვის დასრულებისას, ბატონმა ტაო ჟენგმა, სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილემ და სხდომის თავჯდომარემ, განაცხადა შემდეგი:

"COVID-19-ის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა. საგარეო მოთხოვნისა და ტურიზმის შემცირებამ გამოიწვია საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის ზრდა, ლარის გაუფასურება და ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი კლება. ხელისუფლებამ სწრაფად აამოქმედა შეკავების ღონისძიებები, ამასთან, შინამეურნეობებს და ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებს მიზნობრივი დახმარება შესათავაზა.

ფისკალური დეფიციტი გაიზარდა. საგარეო დაფინანსების მობილიზება დამატებითი ხარჯების დაფინანსების საშუალებას იძლევა. მაშინ როდესაც საბიუჯეტო ხარჯების ზრდა აუცილებელია, ყურადღება უნდა მივაქციოთ ვალის მდგრადობას და ფისკალურ რისკებს, რაც მომდინარეობს სახელმწიფო საწარმოებიდან.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად შეინარჩუნა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, გავცლითი კურსის მოქნილობის უზრუნველყოფასთან ერთად. მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს ინფლაციური მოლოდინების ზედმიწევნით მონიტორინგს.

სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ხელს შეუწყობს საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალის შენარჩუნებას და COVID-19 პანდემიის შემდეგ სწრაფ აღდგენას. სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესის მიღება პენსიონერების რეალურ შემოსავალს შეინარჩუნებს. საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს დასრულება და გადახდისუუნარობის ჩარჩოს ამუშავება დაეხმარება ეკონომიკის გაჯანსაღებას.

პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის ზრდა მოეხმარება ქვეყნის ხელისუფლებას გაატაროს COVID-19 შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები და დააკმაყოფილოს საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭიროებები".



<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service