ENGLISH
 

06.03.2020   ბეჭდვა
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. 2019 წლის დეკემბერში სესხების* წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.9% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდა ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი იყოს და სესხების ზრდა ხელს უწყობდეს ეკონომიკის მდგრად ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ ფინანსური სტაბილურობის რისკები არ დაგროვდეს. არსებული საკრედიტო ზრდა ნომინალურ ეკონომიკურ ზრდას საგრძნობლად, 8 პპ-ით, აღემატება. ასე გაგრძელება რისკების დაგროვებას გამოიწვევს. კომიტეტის შეფასებით, კორონავირუსის საფრთხის ზრდამ შესაძლოა დაკრედიტების ტემპი შეანელოს, რის შედეგადაც სესხების მშპ-თან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს დაუახლოვდება.

წყარო: სებ; საქსტატი

*სესხები მოიცავს ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებსა და, ასევე, კომპანიების მიერ ადგილობრივად  გამოშვებულ ობლიგაციებს.

** სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი წარმოადგენს სხვაობას სესხების მშპ-თან ფარდობასა და მის გრძელვადიან ტრენდს შორის. ტრენდის შესაფასებლად, ბაზელის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოყენებულია HP ფილტრი. 

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ამოქმედების შემდეგ, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდა შენელდა და შემოსავლების ზრდას უფრო მეტად შეესაბამება. 2020 წლის იანვარში ბანკების მიერ შინამეურნეობების დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 10.8% შეადგინა. შინამეურნეობებზე გაცემული სესხების წლიურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი იპოთეკურმა და ინდივიდუალურ მეწარმეებზე გაცემულმა სესხებმა შეიტანა. გარდა ამისა, 2019 წლის დასაწყისიდან გაუმჯობესდა დაკრედიტების სტანდარტები. კერძოდ, შემცირდა ისეთი იპოთეკური სესხების წილი, რომელთა მომსახურების კოეფიციენტი (PTI) 50 პროცენტზე მეტია. ამასთან, გაიზარდა ფინანსური რესურსი იურიდიული პირების დასაფინანსებლად. 2020 წლის იანვარში იურიდიული პირების დაკრედიტების წლიური ზრდა 22.9 პროცენტამდე გაიზარდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.6 პპ-ით აღემატება.

ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებისა და მისი პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომის განმტკიცების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გულისხმობს, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ტვირთი შეუმცირდებათ და რისკების მართვაში მეტი მოქნილობა მიეცემათ. შემცირდება, მათ შორის, სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის განსაზღვრული შემოსავლის ზღვრების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ძირითადი პრინციპი უცვლელია და სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მსესხებელს ისეთი ფინანსური ვალდებულება არ უნდა დააკისროს, რომლის მომსახურებაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2020 წლის 27 მაისს გაიმართება.

 

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service