ENGLISH
 

27.12.2019   ბეჭდვა
საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2019 წელი, მესამე კვარტალი)

საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

გასული წლის მსგავსად, 2019 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიში პროფიციტული იყო და 16.5 მლნ აშშ დოლარი (48.1 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დადებითი სალდო წლიურად 34.8 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა 0.3 პროცენტიდან 0.4 პროცენტამდე გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 4.8 პროცენტით შემცირდა და 943.7 მლნ აშშ დოლარი (2.8 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 10.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 3.5 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად მოგზაურთა მომსახურების შემოსავლების გამო), მესამე კვარტალში, დიდწილად ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 4.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი 2.7 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს მოგზაურთა მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 6.9 პროცენტით შემცირდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარს (3.3 მლრდ ლარი) გაუტოლდა.

მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 13.5 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის მესამე კვარტალში 392.3 მლნ აშშ დოლარს (1.1 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 14.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები გასული წლის მსგავსად უარყოფითი იყო (-9.6 მლნ აშშ დოლარი, -28.1 მლნ ლარი).

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მესამე კვარტალში 356.4 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 7.7 პროცენტია.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306#sagareoseqtori

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service