ENGLISH
 

18.11.2019   ბეჭდვა
ინოვაციების ბანაკი ფინანსური წიგნიერების თემაზე

ინოვაციების ბანაკი ფინანსური წიგნიერების თემაზე 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ", ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ფინანსური წიგნიერების თემაზე ახალგაზრდულ ინოვაციების ბანაკს უმასპინძლეს. ღონისძიება, ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, წელს უკვე მესამედ ჩატარდა. პროექტში მონაწილეობა მიიღო 15 - დან 18 წლამდე ასაკის 110 - ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ინოვაციების ბანაკი აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID Georgia) პროექტის "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში ხორციელდება და  2019 წელს საქართველოს სხვადასხვა კომერციული ბანკის - საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, ფინკა ბანკი საქართველო, თიბისი ბანკი - თანადაფინანსებითა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალთან" პარტნიორობით განხორციელდა.

ინოვაციების ბანაკი ფინანსური განათლების თემაზე - ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 12 - საათიანი ღონისძიება, სადაც მოსწავლეები გუნდურად მუშაობენ ფინანსური განათლებისა და ფინანსური ჩართულობის სფეროში არსებული საგანმანათლებლო გამოწვევის გარშემო. ახალგაზრდების ამოცანაა წარმოადგინონ იდეები და აღნიშნული გამოწვევის საპასუხო ეფექტური და ინოვაციური მეთოდები.

ღონისძიების გახსნისას მონაწილეებს ჩაუტარდათ ლექცია ფინანსური განათლების თემაზე, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა ფინანსური განათლების არსისა და მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს. ამის შემდეგ მათ მიეცათ სიტუაციური დავალება, რომლის გადაჭრის გზებზეც დღის განმავლობაში გუნდურად მუშაობდნენ.

ინოვაციების ბანაკი ფინანსური წიგნიერების თემაზე პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოახდინონ შეზღუდული დროის პირობებში იდეების განვითარება და ჩამოყალიბება. მუშაობის პროცესში მათ ჰქონდათ წვდომა საჭირო ინფორმაციასა და რესურსებზე. ამასთან, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ რჩევები და გაევლოთ ინტენსიური კონსულტაციები საბანკო - საფინანსო სექტორიდან მოწვეული გამოცდილი ექსპერტებისგან. ღონისძიების დასასრულს, თითოეულმა გუნდმა წარადგინა პრეზენტაცია, რის საფუძველზეც კომპეტენტურმა ჟიურიმ  გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. გამარჯვებულებსა და ღონისძიების მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და 123 ქვეყანაში ცნობადი  სერტიფიკატი "ინოვაციების ბანაკში" მონაწილეობისათვის.

"ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ - ერთ მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფს ბავშვები და ახალგაზრდები წარმოადგენენ. ინოვაციების ბანაკი  ახალგაზრდების ფინანსური განათლების ამაღლებისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ფინანსური წიგნიერების თემაზე ინოვაციების ბანაკი წელს უკვე მესამედ ჩატარდა წარმატებით და, ვფიქრობ, პროექტი ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და ფინანსური საკითხების მიმართ ინტერესის გაღვივებას უწყობს ხელს და ეს ინტერესი უდავოდ მზარდია", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

"პროექტი "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში" 2020 წლის ბოლომდე გრძელდება, რომელსაც მხარს უჭერს აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და რომელიც ჯუნიორ ეჩივმენტ (JA) მსოფლიოსა და ევროპის ხელმძღვანელობით, JA - ის ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით, ოთხ სამიზნე ქვეყანაში (საქართველო, მაკედონია, მოლდოვა და სერბეთი) სამეწარმეო განათლების დანერგვის მიზნით ხორციელდება. პროექტის უნიკალურობის მთავარ ასპექტს წარმოადგენს საერთაშორისო სწავლება JA - ს ეროვნული ორგანიზაციების (ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და სერბეთი) პარტნიორობით, ასევე, რეგულარული ღონისძიებები დაინტერესებული მხარეებისა და ქვეყნების მონაწილეობით", - განაცხადა "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გეგეშიძემ.

 

 

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service