ENGLISH
 

07.10.2019   ბეჭდვა
ეროვნული ბანკი "სკოლა-ბანკის" პროექტში ჩართული საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგების გადამზადებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგთა ტრენინგს განაგრძობს. აღნიშნული ტრენინგები "სკოლა-ბანკის" პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ეროვნული ბანკისა და ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის (CYFI) ერთობლივი პროექტია.

პროექტი 2017 წლიდან პერიოდულად ხორციელდება ეროვნული ბანკის ორგანიზებით, ასევე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის, მათ შორის - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და საქართველოს ბანკის ჩართულობით. ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერ პედაგოგს, მიუხედავად იმისა, ფლობდა თუ არა მანამდე სპეციფიკურ ფინანსურ ცოდნას. მონაწილისათვის საკმარისია გააჩნდეს თემის მიმართ ინტერესი, ასევე, სურვილი,  ახალგაზრდა თაობას გადასცეს ის ცოდნა და დაეხმაროს იმ უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში, რაც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად დასჭირდება.

"სკოლა-ბანკის" პროექტი მოიცავს VII-IX კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ 15-გაკვეთილიან მოდულს, რომლის ფარგლებში შემუშავებული სპეციალური სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის გასაგები ენითა და სახალისო ფორმითაა შედგენილი და ფარავს ფინანსური განათლების ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა - დაზოგვა, გააზრებული ხარჯვა, ბიუჯეტირება, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური პროდუქტები, რისკები და შესაძლებლობები და გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მიღება.   ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლებს გადაეცემათ სრული სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

"სკოლა-ბანკის" პროექტის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა პედაგოგებს 2019 წლის 28-29 სექტემბერს თბილისში, ეროვნული ბანკის შენობაში, ხოლო 5-6 ოქტომბერს ქუთაისში, ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის" ბაზაზე უმასპინძლა. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი სკოლებისა და ორგანიზაციის მასწავლებლებმა.

ტრენინგზე მიღებულ ცოდნას პედაგოგები თავიანთ სკოლებში თავისუფალი გაკვეთილების ფორმატით დანერგავენ და მოსწავლეებს სრულ, 15-გაკვეთილიან კურსს ჩაუტარებენ.

"ეროვნული ბანკი განაგრძობს აქტიურ მუშაობას ახალგაზრდების ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით. ამ პროცესში კი პედაგოგების შესაძლებლობების ზრდას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ყველა სკოლას, რომელმაც სწორად შეაფასა საკითხის მნიშვნელობა და სკოლის როლი ამ საქმეში, ასევე, რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებულ პედაგოგს, რომლებმაც ტრენინგებზე ცოდნის ბავშვებზე გადაცემის მზაობა აჩვენეს. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმს, რომელიც ქალაქ ქუთაისში ტრენინგის საორგანიზაციო საკითხებში დაგვეხმარა. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი წლიდან პროექტის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service