ENGLISH
 

29.10.2004   ბეჭდვა
სებ-ში არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საკრედიტო კავშირების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შესახებ

29 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბანკში არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საკრედიტო კავშირების წარმომადგენლებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევის მიზნით სემინარი  ჩატარდა. სემინარზე  სებ-ის პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ ხაზი გაუსვა საკრედიტო კავშირების საქმიანობის მნიშვნელობას. მისი თქმით, „2004 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის ქვეყანაში 53 ლიცენზირებული საკრედიტო კავშირი მოქმედებს. ვინაიდან სახელმწიფოს სტრატეგია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა ჩვენთვის პრიორიტეტულია საკრედიტო კავშირების როლი, ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მათგან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს თბილისში, ხოლო დანარჩენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში“. სემინარზე განიხილეს შემდეგი თემები: „რისკის დონეების კლასიფიკაცია და კავშირების საქმიანობაში გამოყენებული ეკონომიკური ნორმატივების მნიშვნელობა“, „საფინანსო ანგარიშგებების ანალიზი“ და „საკრედიტო კავშირების მმართველობითი რგოლის როლი და მნიშვნელობა კავშირის საქმიანობაში“. საკრედიტო კავშირების მიერ წარმოებული ოპერაციები ხელს უწყობს სოფლად და საერთოდ რეგიონალურ დონეზე ფინანსების გადანაწილებას, მცირე მეწარმეობის განვითარებას და ფულის მიმოქცევას. საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე განხორციელებულმა საზედამხედველო პროცედურებმა ცხადყო, რომ საკრედიტო კავშირების წარმატებული საქმიანობა ბევრად არის დამოკიდებული პრობლემების დროულად გამოვლენასა და მათ შესაბამის მართვაზე. ამ მიმართულებით ეროვნული ბანკი სისტემატურად უზრუნველყოფს საკრედიტო კავშირების ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებასა და ტრეინინგს. ირაკლი მანაგაძის თქმით, ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ინიციატივით დაისვა საკითხი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საქმიანობისათვის შესაბამისი სამართლებრივი გარემოს შექმნის თაობაზე. 2002 წლის 4 ივლისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა 2002 წლის 1 ოქტომბრიდან. იმავდროულად არსებული კანონმდებლობით საკრედიტო კავშირების, როგორც დეპოზიტების მიმღები დაწესებულებების ლიცენზირება და მათი საქმიანობის შემდგომი ზედამხედველობა დაევალა საქართველოს ეროვნულ ბანკს. „საკმაოდ მნიშვნელოვანი და რთული იყო სებ-ისთვის ამ ახალი ფუნქციის აღება, ამ კანონის მიღებამდე ფაქტობრივად საკრედიტო კავშირების საქმიანობა არ იყო მოქცეული რაიმე საკანონმდებლო ჩარჩოში, შრომატევადი საქმე იყო შესაბამისი ნორმატიული ბაზის შემუშავებაც, – განაცხადა მანაგაძემ. ეროვნული ბანკისთვის,როგორც საკრედიტო კავშირების საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოსთვის,პრიორიტეტულ მიმართულებად გამოიყო არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ანგარიშთა გეგმის მომზადება.მიმდინარე ეტაპზე საკრედიტო კავშირების მიერ საფინანსო ანგარიშგებები მომზადებულია დარიცხვის მეთოდით ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც წარმატებად უნდა ჩაითვალოს იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი საკრედიტო კავშირების დიდი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია (ქართლი, კახეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა, სამცხე ჯავახეთი, რაჭა) განთავსებული.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service