ENGLISH
 

04.07.2019   ბეჭდვა
"კინგსის" ოლიმპიადის გამარჯვებულთა ბანაკი ფინანსური განათლების თემაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის ჩართულობითა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერით, კომპანია "კინგსი - საქართველომ", 1-3 ივლისს, ანაკლიაში, 2019 წლის გაზაფხულის ოლიმპიადის გამარჯვებულთა ბანაკს უმასპინძლა, რომელიც ფინანსურ განათლებას მიეძღვნა.

ოლიმპიადამდე, ბავშვები და მათი მშობლები ფინანსური განათლების საკითხებზე "კინგსის" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე არსებული სპეციალური კამპანიის ფარგლებში მსჯელობდნენ. ამას გარდა, ახალგაზრდებს ფინანსური განათლების ამოცანები, ბონუს დავალების სახით, მათემატიკის ოლიმპიადის I ტურში  შეხვდათ.  

ბანაკის პირველ დღეს, მონაწილეებმა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ფინანსური განათლების მნიშვნელობასა და მათთვის საინტერესო ფინანსურ საკითხებზე იმსჯელეს. ამის შემდეგ, ბავშვებს მიეცათ გუნდური დავალება, რომელიც ფინანსური განათლების თემაზე სცენარის მოფიქრებასა და ვიდეორგოლის გადაღებას ითვალისწინებდა. გუნდებს პროექტის მომზადებაში სცენარისტი და "წიგნების თაროს" წამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე ეხმარებოდა. 8 მონაწილისაგან შემდგარმა 8 გუნდმა საკუთარი ხედვითა და საბავშვო ენით გადმოცემული საინტერესო და სახალისო ვიდეორგოლები წარმოადგინა ფულის, დაზოგვის, პირადი ფინანსების მართვის, გონივრული ხარჯვის, სესხებისა და ბანკების მნიშვნელობის შესახებ. დღის ბოლოს ჟიურიმ საუკეთესო სიუჟეტის მქონე სამი ვიდეორგოლი გამოავლინა. გამარჯვებული ვიდეორგოლები პროფესიონალურ ფორმატში ჩაიწერება და სოციალური ქსელითა და ტელევიზიით გავრცელდება.  

ბანაკის მეორე დღეს მონაწილეებმა რეკლამის გავლენის, დაზოგვისა და გადაწყვეტილებების მიღების თემაზე "მარტივი ლოგიკის" წამყვანის, ირაკლი კაკაბაძის ინტერაქტიულ სემინარში მიიღეს მონაწილეობა და ერთმანეთს "მარტივი ლოგიკის" თამაშის ფორმატში ფინანსური ტერმინების ცოდნაში გაეჯიბრნენ.

აღსანიშნავია, რომ სებ-ის, SBFIC-ისა და კინგსის თანამშრომლობა "ფინანსური განათლების წლის" ფარგლებში დაიწყო. ფინანსური განათლების საკითხები "კინგსის" მათემატიკის ოლიმპიადაში პირველად 2018 წელს ინტეგრირდა, "კინგსის" სასწავლო პორტალზე კი ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი თეორიული მასალა და ტესტები განთავსდა. ხაზგასასმელია, რომ ამ რესურსით 2018 წელს 30 000-ზე მეტმა მოსწავლემ ისარგებლა.

"ახალგაზრდა თაობა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფია. შესაბამისად, ეროვნული ბანკი მუდმივად ერთვება ინოვაციურ, შემოქმედებით პროექტებში, რათა ფინანსური განათლება ქვეყნის მასშტაბით რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. მოხარულები ვართ, რომ SBFIC-სთან და "კინგსთან" თანამშრომლობის ფარგლებში, ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა ფინანსურ საკითხებზე საკუთარი ხედვები და მოსაზრებები თანატოლებისთვის სახალისო გზით გაეზიარებინათ. ვიმედოვნებთ, რომ სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებში ბავშვების მიერ ჩაწერილ ვიდეოებს დიდი გამოხმაურება ექნება და ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service