ENGLISH
 

28.06.2019   ბეჭდვა
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით 17.8 მლრდ აშშ დოლარი (48.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 110.1 პროცენტია. 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 10.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 5.6 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო - 50.2 მლნ. აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო - 23.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 69.1 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.4 მლრდ აშშ დოლარი (20.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.9 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მლრდ აშშ დოლარი (14.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 376.4 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.3 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 810.3 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი) და 886.2 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.5 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.2 მლრდ აშშ დოლარი (11.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.4 მლრდ აშშ დოლარი (14.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.6 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.4 მლრდ აშშ დოლარი (6.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 14.9 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 10.4 მლრდ აშშ დოლარი (28.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 64.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.9 მლრდ აშშ დოლარია (10.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.2 პროცენტია.

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 7.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები   8.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო, ვალი 0.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2019 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 376.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 200.2 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში, მისამართზე:  https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304#sagareoseqtori

 

 

 
_______________________________________________________________

1განაწილებული ნსუ (SDR) არის სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი საერთაშორისო სარეზერვო აქტივი, რომელიც ნაწილდება სავალუტო ფონდის წევრ ქვეყნებზე მათი კვოტის პროპორციულად. განაწილებული ნსუ ისეთი ვალდებულებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ ქვეყანა იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული განაწილებული ნსუ-ს მოცულობა, ასევე, ასახულია ეროვნული ბანკის აქტივის მხარეს და შესაბამისად, სებ-ის წმინდა ვალდებულება ნულის ტოლია. 2009 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეცვალა მეთოდოლოგი­ური მიდგომა ნსუ-ს მიმართ, რის გამოც ამ პერიოდიდან განაწილებული ნსუ აღირიცხება როგორც ვალდებულება.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service