ENGLISH
 

27.06.2019   ბეჭდვა
საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2018 წლის ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 80 ხმით, ერთხმად, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე", რომელიც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა. ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება, რეზერვების შევსების პოლიტიკა, ლარიზაციის ღინისძიებები, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო, არასაბანკო სექტორის ზედამხედველობა, ფინანსური განათლება - ეს ის თემებია, რომლებზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას გაამახვილა ყურადღება.

კობა გვენეტაძემ თავისი გამოსვლა ინფლაციაზე საუბრით დაიწყო და ყურადღება ეგზოგენური ფაქტორების გავლენაზე გაამახვილა. მისი თქმით, საქართველოში, ისევე როგორც ღია ეკონომიკის მქონე ყველა ქვეყანაში, გარდაუვალია ეგზოგენური შოკები, რომლის გავლენითაც ინფლაცია შესაძლებელია მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადაიხაროს. როგორც მან აღნიშნა, მოკლევადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრის დაშვება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზირებული ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს უბრუნდება.
 
2018 წელს ეროვნული ბანკი აგრძელებდა საერთაშორისო რეზერვების შევსების პოლიტიკას. "საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს, განსაკუთრებით ისეთი მაღალი დოლარიზაციის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი შემადგენელია. წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის ინტერვენციები მხოლოდ შესყიდვის მიმართულებით ხორციელდებოდა და მთლიანმა შესყიდვამ 197.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ეროვნული ბანკი ბაზარზე უცხოური ვალუტის შესყიდვას ახორციელებს მხოლოდ მაშინ, როდესაც გაცვლითი კურსი მყარდება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა ლარიზაციის ზრდაზე, რომელიც ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია. წამახალისებელ რეფორმებს ეროვნული ბანკი ეტაპობრივად ახორციელებს.

"2017 წელს გააქტიურებული დედოლარიზაციის ტენდენცია 2018 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც შესამჩნევი იყო როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების შემთხვევაში. თუმცა, წლის მეორე ნახევარში მთლიანი სესხების დედოლარიზაციის ტენდენცია შენელდა და ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ნაწილში დოლარიზაცია გაიზარდა კიდეც. აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდგომ, 2019 წლიდან კვლავ გააქტიურდა დე-დოლარიზაციის პროცესი. იანვარ-მაისის განმავლობაში სესხების და დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებლები 1.5 და 2.1 პპ-ით არის შემცირებული. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამავე პერიოდში ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია თითქმის 3 პპ-ით არის შემცირებული", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო აამოქმედა, რამაც საკრედიტო ზრდა მდგრად დონემდე დაიყვანა. როგორც მაისის თვეში საქართველოში ვიზიტად მყოფმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა აღნიშნა, "მნიშნელოვანია პროგრესი ამ კუთხით, რაც საბანკო კრედიტის გაცემის სტანდარტების გამკაცრებას მოჰყვა. ეს არის მნიშნელოვანი ნაბიჯი გრძელვადიანი სესხების მდგრადი ზრდის ტენდენციის შესანარჩუნებლად, რაც კარგია საზოგადოებისა და ეკონომიკისათვის". 

"2018 წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მაქსიმალური ჩართულობით, აქტიურად მუშაობდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემუშავებაზე. მომზადდა ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულება, რომელიც სრულად დაფუძნებულია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებზე და გულისხმობს დაკრედიტების პროცესში ისეთი სტანდარტების გამოყენებას, რომ მსესხებელმა ფინანსური სიძნელეების გარეშე შეძლოს სესხის მომსახურება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

თავის გამოსვლაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა არასაბანკო სექტორის საქმიანობაზე, რომლის მარეგულირებელ ნორმატიულ ბაზაში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა.

"აღნიშნული ცვლილებებით, საფუძველი ჩაეყარა ახალ საზედამხედველო ჩარჩოს, რომელიც მომავალში უზრუნველყოფს არასაბანკო სექტორის გამჭვირვალობის ზრდას, სტაბილურ განვითარებასა და რისკების მიმართ მდგრადობას", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

2018 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც კაპიტალის ბაზრის განვითარების, ასევე საზედამხედველო პოლიტიკის მიმართულებით.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service