ENGLISH
 

27.06.2019   ბეჭდვა
საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2019 წელი, პირველი კვარტალი)

საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

2019 წლის პირველ კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 227.0 მლნ აშშ დოლარი (605.5 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 47.7 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 11.9 პროცენტიდან 6.2 პროცენტამდე შემცირდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო 2019 წლის პირველ კვარტალში წლიურად 18.9 პროცენტით შემცირდა და 798.6 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 12.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3.3 პროცენტით შემცირდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად ტურისტული შემოსავლების გამო), პირველ კვარტალში, ნაწილობრივ ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 3.4 პროცენტით,  ხოლო იმპორტი 10.4 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს მოგზაურთა მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 5.0 პროცენტით გაიზარდა და პირველ კვარტალში 578.4 მლნ აშშ დოლარს (1.5 მლრდ ლარი) გაუტოლდა.

მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 7.0 პროცენტით შემცირდა და 2019 წლის პირველ კვარტალში 345.6 მლნ აშშ დოლარს (921.9 მლნ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში შემცირებული იყო  როგორც კერძო სექტორის, ასევე სამთავრობო ტრანსფერები.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, პირველ  კვარტალში 240.5 მლნ აშშ დოლარი (641.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 6.6 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306#sagareoseqtori

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service