ENGLISH
 

24.05.2019   ბეჭდვა
კობა გვენეტაძემ ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

24 მაისს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ორგანიზებით გამართულ ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა კაპიტალის ბაზრის გამჭვირვალობისა და ინვესტორთა დაცულობის მნიშვნელობაზე ბაზრის განვითარებისთვის. კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწისა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობაზე და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე.

"მოკლევადიან პრიორიტეტებად დავისახეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის არსებული საანგარიშგებო მოთხოვნების გადახედვა და დახვეწა, აგრეთვე, ინსაიდერული ინფორმაციის გამჟღავნებასთან, საბაზრო მანიპულაციასა და ინსაიდერული ვაჭრობის აღმოჩენასა და აღკვეთასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და დანერგვა. ინვესტორთა დაცულობის გასაძლიერებლად, პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების დადასტურებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზეც", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

პროექტი მიზნად ისახავს, დახმარება გაუწიოს ადგილობრივ სახელმწიფო ორგანოებს ფინანსური სექტორის დივერსიფიკაციის, გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით განსახორციელებელ რეფორმებში. პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და მასში ეროვნულ ბანკთან ერთად ჩართულნი იქნებიან ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, ისევე როგორც დაზღვევის ზედამხედველობისა და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სამსახურები. პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს კაპიტალის ბაზრის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები წარმოადგენს.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service