ENGLISH
 

20.05.2019   ბეჭდვა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი ქართველ სტუდენტებს შეხვდა

20 მაისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.

სსფ-ის მმართველი დირექტორი სტუდენტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა. "ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, კრისტინ ლაგარდის პირველი ვიზიტი საქართველოში და საქართველოს ხელისუფლების სახელით, მსურს, მადლობა გადავუხადო მას, რომ მოახერხა ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის დაგეგმვა. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი თანაბარ მნიშნველობას ანიჭებს როგორც სისტემური ეკონომიკის, ისე ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა," - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კრისტინ ლაგარდმა სტუდენტებთან ინკლიუზიურ ზრდაზე ისაუბრა. მან დადებითად შეაფასა ქვეყნის საფინანსო სექტორში განხორციელებული რეფორმები და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-11 მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. იგი პირველი ქალი ხელმძღვანელია ამ თანამდებობაზე, რომელიც 2016 წელს მე-2 ვადით აირჩიეს.

საქართველოში სსფ-ს წევრი 1992 წელს გახდა. სსფ-ს ძირითად მიზანს, გლობალური მონეტარული თანამშრომლობის, საერთაშორისო ვაჭრობის, მაღალი დასაქმებისა და სიღარიბის შემცირების გზებით, ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა წარმოადგენს. 2017 წელს სსფ-ს მხარდაჭერით საქართველოში 3-წლიანი პროგრამა დაიწყო, რომელიც "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) ფარგლებში, 285 მილიონი აშშ დოლარით ფინანსდება. "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი" მხარს უჭერს ხელისუფლების ეკონომიკურ რეფორმებს. საქართველომ დაასრულა პროგრამის სამი მიმოხილვა და კვლავ განაგრძობს მის წარმატებით განხორციელებას. გასულ კვირაში სსფ-ს მისიის დონეზე მოხდა შეთანხმება პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულებაზე და აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ამ საკითხს ივნისში განიხილავს.

 

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service