ENGLISH
 

13.05.2019   ბეჭდვა
კობა გვენეტაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

13 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც ეროვნული ბანკის ინიციატივით გაიმართა, კობა გვენეტაძემ მაკროეკონომიკური მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია გამართა და ბიზნესის წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების თემაზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბიზნესმენებს განუმარტა ის რისკები და მიზეზები, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზნით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები შემოიღო.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას ინფორმაციის მოპოვებით და სტატისტიკური მასალების ანალიზზე დაყრდნობით განაგრძობს, რის შედეგადაც, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებებს განახორციელებს ისე, რომ რეგულაციების ძირითადი პრინციპი  შენარჩუნდება.

"ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია საფინანსო ორგანიზაციებთან, კომერციულ ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან. ამავე დროს, იგეგმება შეხვედრები ცალკეული სექტორის წარმომადგენლებთან, რათა განვსაზღვროთ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი ტექნიკურად გამარტივების თვალსაზრისით იმისათვის, რომ დებულება უფრო მოქნილი იყოს. აქედან გამომდინარე, ეს დიალოგი გაგრძელდება და თუ ცვლილებები საჭირო იქნება, ამ ცვლილებებს განვახორციელებთ. აქვე დავძენ, რომ რეგულაციების ძირითადი პრინციპი – სესხის გაცემა მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლის საფუძველზე - შენარჩუნდება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეხვედრის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მსგავს შეხვედრებს ბიზნეს ასოციაციასთან, რომელიც გარკვეული პერიოდულობით გაიმართება, დიდი მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის სწორი მოლოდინების ჩამოსაყალიბებლად და ადეკვატური გადაწყვეტილებების მისაღებად.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service