ENGLISH
 

24.04.2019   ბეჭდვა
კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

გრძელდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამუშაო შეხვედრები ბანკის ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფ სუბიექტებთან. კობა გვენეტაძე, კომერციული ბანკების შემდეგ,  დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ეროვნული ბანკის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე კობა გვენეტაძემ არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციების პირველადი შედეგები გაუზიარა. აღსანიშნავია, რომ მონაცემების დინამიკა სებ-ის მოლოდინებთან სრულად შესაბამისია.  

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები ეროვნულ ბანკში მუდმივად იმართება, რაც სისტემის ეფექტიანობის გაზრდაზეა ორიენტირებული. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას ინფორმაციის მოპოვებით და სტატისტიკური მასალის ანალიზზე დაყრდნობით განაგრძობს, რის შედეგადაც, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებებს განახორციელებს ისე, რომ რეგულაციების ძირითადი პრინციპები შენარჩუნდება.

ხაზგასასმელია, რომ საცალო დაკრედიტების რეგულირება, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით ხორციელდება, მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. ანალოგიური ტიპის რეგულაცია ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში - ლიეტუვაში, უნგრეთში, შვედეთში, დანიაში, ჩეხეთში, ესტონეთში და სხვა - დაინერგა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სებ-ის პრეზიდენტმა და მენეჯმენტის სხვა წევრებმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თემატურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service