ENGLISH
 

11.04.2019   ბეჭდვა
კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

11-16 აპრილს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, კობა გვენეტაძე შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟენგთან, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, მერსედეს ვერა-მარტინსთან, სსფ-ის ჰოლანდიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთან და მისიის სხვა წევრებთან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კობა გვენეტაძე სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან ერთად მონაწილეობას მიიღებს  სსფ-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში "მმართველთა საუბრები". ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლის თემაა - "საქართველოს გამოცდილება ინფლაციის თარგეთირების მიმართულებით".

აშშ-ში ვიზიტისას დაგეგმილია კობა გვენეტაძის შეხვედრები სსფ-ის ფულად-საკრედიტო და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტისა და აშშ-ის ხაზინის წარმომადგენლებთან.   

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს სამუშაო შეხვედრებში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება. კრისტინ ლაგარდი თბილისს მაისის მეორე ნახევარში ეწვევა.

საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და დახმარების ეფექტურობის, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service