ENGLISH
 

05.04.2019   ბეჭდვა
საქართველო ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრას მასპინძლობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით 4-5 აპრილს თბილისში პირველად ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფის (Basel Consultative Group) შეხვედრა იმართება. თბილისში გამართულ შეხვედრაზე ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფის წევრები მსჯელობენ საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის ისეთ ინიციატივებზე, როგორებიცაა ზედამხედველობის პროცესში ზომის და კომპლექსურობის პრინციპის გამოყენება, მდგრადი დაფინანსება, კომუნიკაცია კრიზისების მართვის საკითხებზე, კრიპტო აქტივები, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.

ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მიმართა. მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა შეხვედრაზე განსახილველი ინიციატივების,  განსაკუთრებით კი საზედამხედველო ნორმების განსაზღვრისას ზომის და კომპლექსურობის პრინციპის დანერგვის მნიშვნელობაზე, რაც, მისი თქმით,  მცირე ზომის და ნაკლებად კომპლექსური საქმიანობის მქონე საკრედიტო ინსტიტუტებისთვის საზედამხედველო ჩარჩოს განვითარების ახალ შესაძლებლობას ქმნის.

„თბილისში ძალიან პროდუქტიული შეხვედრები გვქონდა. ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას საზედამხედველო გამოცდილების გაზიარებისა და ბაზელის კომიტეტის ისეთ ახალ მნიშვნელოვან ინიციატივებზე ღია დიალოგისათვის, რამაც შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს ბაზელის კომიტეტის არაწევრ ქვეყნებზე. შეხვედრებზე განხილული ზოგიერთი წინადადება ბაზელის კომიტეტს წარედგინება და შესაძლოა გავლენა იქონიოს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სამუშაო პროგრამაზე". აღნიშნა ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფის თანა-თავმჯდომარემ ბრაიან სტაირვოლტმა.

„ეს ორდღიანი შეხვედრა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ყველა ქვეყნისათვის. სხვა საკითხებთან ერთად, ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფმა განიხილა თუ როგორ შეუძლიათ ბაზელის კომიტეტის არაწევრ ქვეყნებს ბაზელის ჩარჩოს დანერგვა ქვეყნების შესაბამისი საბანკო სისტემების ზომისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით. გვინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ეროვნულ ბანკს აღნიშნული შეხვედრის მასპინძლობისათვის და საერთაშორისო საზედამხედველო ჩარჩოს განვითარებაში აქტიური მონაწილეობისათვის" განაცხადა ნილ ოშომ ბაზელის საკონსულტაციო კომიტეტის თანა-თავჯდომარემ და საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის გენერალური მდივნის მოადგილემ.

ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფი საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის არაწევრი ქვეყნებისათვის კომიტეტის ახალი ინიციატივებზე მსჯელობისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებას იძლევა. ამჟამად ჯგუფი აერთიანებს 28 ქვეყანის საზედამხედველო უწყების ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფში 2014 წელს მიიწვიეს (იხ.ბმული) და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული ჯგუფის საქმიანობაში.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service