ENGLISH
 

28.03.2019   ბეჭდვა
საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2018 წელი, მეოთხე კვარტალი)

საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

2018 წლის მეოთხე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 458.1 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წინა წელთან შედარებით 6.4 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან 8.8 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე შემცირდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო 2018 წლის მეოთხე კვარტალში წლიურად 4.1 პროცენტით შემცირდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 15.5 პროცენტით, ხოლო იმპორტი 5.1 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად ტურისტული შემოსავლების გამო), მეოთხე კვარტალში, ნაწილობრივ ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 5.2 პროცენტით,  ხოლო იმპორტი 10.4 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს მოგზაურთა მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 14.1 პროცენტით გაიზარდა და მეოთხე კვარტალში 650.8 მლნ აშშ დოლარს (1.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა.

მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 2.0 პროცენტით შემცირდა და 2018 წლის მეოთხე კვარტალში 399.6 მლნ აშშ დოლარს (1.1 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის ტრანსფერები გაზრდილი იყო, ხოლო  სამთავრობო  - შემცირებული.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეოთხე კვარტალში 130.5 მლნ აშშ დოლარი (349.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 3.1 პროცენტია. მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო, მრეწველობის, უძრავი ქონების  და სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებში განხორციელდა.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306&lng=geo#external

 

 

 

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service