ENGLISH
 

28.02.2019   ბეჭდვა
სსფ-ს მისიის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ვიზიტის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა წინაწარ მიგნებებს. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლოა არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს. ამ მისიის მიგნებები სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე არ განიხილება.

  • 2018 წელს ეკონომიკა მდგრადად ვითარდებოდა. 2019 წელს 4.6 პროცენტიან ზრდას ველით.
  • ეკონომიკურ პერსპექტივაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკების პასუხად აუცილებელია გაგრძელდეს გაცვლითი კურსის მოქნილობა, რეზერვების დაგროვება და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა.
  • ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმის განუხრელი შესრულება აუცილებელია საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად.

ამა წლის 20-26 თებერვალს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სსფ-ს მისია ქალბატონი მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკური ვითარების მიმოხილვა, საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება და სტრუქტურული რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესის შეფასება. ვიზიტის დასასრულს ქალბატონმა ვერა-მარტინმა განაცხადა შემდეგი:

"2018 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი იყო მაღალი 4.7 პროცენტის ოდენობით. წინასწარი მონაცემების მიხედვით, წლის ბოლოს დაფიქსირებული ადგილობრივი მოთხოვნის შენელება თითქმის მთლიანად დაბალანსდა ექსპორტის და ტურიზმის ზრდით. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა 8 პროცენტამდე 2018 წელს, 2017 წლის 8.8 პროცენტთან შედარებით. მისასალმებელია საგარეო ბუფერების ზრდისკენ მიმართული ეროვნული ბანკის ძალისხმევა, უცხოური ვალუტის შესყიდვითა და შესყიდვის ოფციონების მეშვეობით. ფისკალური დეფიციტი გაუმჯობესდა და მშპ-ს 2.5 პროცენტი შეადგინა, თუმცა, ხარჯის დიდი ნაწილი 2018 წლის ბოლოს იქნა გაწეული, რამაც წინა თვეებში ხარჯვის ჩამორჩენა დააბალანსა. ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაცია ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე დაბლა ნარჩუნდება. დაბალი ინფლაციის მოლოდინის პირობებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია და პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა ამა წლის 30 იანვარს. საბანკო სექტორის კაპიტალიზაცია მაღალია და სექტორი მომგებიანია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მიერ ბოლოხანს გატარებული საზედამხედველო  ღონისძიებები შეესაბამება ეროვნული ბანკის ვალდებულებას განამტკიცოს ფინანსური სექტორის სტაბილურობა.

"2019 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4.6 პროცენტით ზრდა. მაღალი ხარჯები ინფრასტრუქტურაზე (2018 წლის ბოლოს გაწეული ხარჯების ჩათვლით) დააბალანსებს ნაკლებ პოზიტიური საგარეო გარემოს და კრედიტის დაბალი ზრდის გავლენას ეკონომიკაზე. ინფრასტრუქტურული ხარჯვის მატების პარალელურად უნდა გაუმჯობესდეს პროექტების შერჩევის და მართვის პრაქტიკა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 8 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი, მაღალი ექსპორტის და ფულადი გადმორიცხვების შედეგად. ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედი დაღმავალ რისკებს შორისაა სავაჭრო პარტნიორების დაბალი ზრდა, საერთაშორისო სავაჭრო დაძაბულობა და კრედიტის ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელება. საპასუხოდ საჭიროა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად და რეზერვების დასაგროვებლად, მოქნილი გაქცვლითი კურისის შენარჩუნებით.

"სსფ-ს მისია იწონებს ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევას სტრუქტურული რეფორმების გატარების კუთხით და აღნიშნავს შემდგომი ნაბიჯების საჭიროებას ინკლუზიური ზრდის და გარეშე შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ხელისუფლებამ აამოქმედა რეგულაცია მოსახლეობის ჭარბვალინობისგან დასაცავად, ასევე დახვეწა ფისკალური წესები. მიმდინარეობს მუშაობა გადახდისუუნარობის ახალ კანონზე, რისკებზე დაფუძნებული დღგ-ს ავტომატური ანაზღაურების სისტემის ასამუშავებლად და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შესაქმნელად. არსებული ეკონომიკური გარემო ქმნის საშუალებას განათლების სისტემის და ბიზნეს გარემოს დასახვეწად, საქართველოს გზების გასაუმჯობესებლად და სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად. ეს რეფორმები კერძო სექტორს გარდაქმნის ეკონომიკური ზრდის მამოძრავებლად, მოახდენს ეკონომიკის დივერსიფიკაციას და გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონეს.

"ჩვენ, სსფ-ს მისია, მადლობას ვუხდით ქვეყნის ხელისუფლებას გახსნილი და კონსტრუქციული განხილვებისთვის ვიზიტის მსვლელობისას. მისია შეხვდა საქართველოს პრემიერ მინისტრს ბახტაძეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გვენეტაძეს, ფინანსთა მინისტრს მაჭავარიანს, ეკონომიკის მინისტრს ქობულიას, ქვეყნის პრეზიდენტს ზურაბიშვილს და სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს, ასევე კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჩვენ, სსფ-ს მისია, ველოდებით დიალოგის გაგრძელებას სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის მსვლელობისას ამა წლის აპრილ-მაისში."

https://www.imf.org/external/lang/georgian/np/sec/pr/2019/pr1962g.pdf

 

 

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service