ENGLISH
 

20.02.2019   ბეჭდვა
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, შეინარჩუნა. ეროვნული ბანკი ახორციელებს საკრედიტო ზრდით გამოწვეული სისტემური რისკების შესწავლასა და მონიტორინგს.  წინა კვარტალებში დაფიქსირებული ჭარბი საკრედიტო ზრდის შემდეგ, რომელზეც ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება1, საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა 2019 წლის იანვარში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.7% შეადგინა. თუმცა, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს2 კვლავ აჭარბებს, რაც მნიშვნელოვანწილად შინამეურნეობებზე გაცემული სესხებით არის განპირობებული. კომიტეტის შეფასებით, წლის დასაწყისიდან მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების ლიმიტების ამოქმედება და 200 000 ლარამდე უცხოური ვალუტით სესხის აღების შეზღუდვა საკრედიტო ზრდას საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონემდე დაიყვანს.  
 
 
 
წყარო: სებ; საქსტატი
*სესხები მოიცავს ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებსა და ასევე, კომპანიების მიერ ადგილობრივად  გამოშვებულ ობლიგაციებს.
** სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი წარმოადგენს სესხების მშპ-თან ფარდობის სხვაობას მისი გრძელვადიანი ტრენდიდან. ტრენდის შესაფასებლად, ბაზელის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოყენებულია HP ფილტრი.
 

 
 
კომიტეტი მიიჩნევს, რომ ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო, რომელიც  2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, უზრუნველყოფს ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირებას და მას დადებითი გავლენა ექნება ეკონომიკაზე. აღნიშნული რეგულაცია შეამცირებს როგორც ჭარბ საკრედიტო ტვირთს, ისე გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას. აღსანიშნავია, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დანერგვა ასევე შეესაბამება ევროდირექტივების მოთხოვნას. ბოლო წლებში მსგავსი რეგულაცია ამოქმედდა  ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი, დანია, ლიტვა, ჩეხეთი.
 
კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ფინანსური სისტემა პოტენციური შოკების მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს. საბანკო სექტორი მაღალკაპიტალიზირებული და ლიკვიდურია და მომგებიანობის მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, ხოლო უმოქმედო სესხების წილი მთლიან დაკრედიტებაში კვლავაც დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ  საკრედიტო ციკლის აღმავალ ფაზაში უმოქმედო სესხების წილი, როგორც წესი, შემცირებით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, არ უნდა მოხდეს აღნიშნული მაჩვენებლის ზედმეტად ოპტიმისტურად შეფასება.
 
გლობალური ეკონომიკური აქტივობის შენელების3 და რეგიონული რისკების ფონზე, ნარჩუნდება საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ფინანსური სტაბილურობისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოური ვალუტის სესხების ზრდა. საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების შესარბილებლად და ბუფერების დამატებითი ზრდის მიზნით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს განიხილოს უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნების ნორმის 5 პროცენტული პუნქტით ზრდა.
 
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის.
 
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2019 წლის 29 მაისს გაიმართება.



________________________________
1 https://www.nbg.gov.ge/uploads/fsc/desicions/fin_stab_press_release_q4.pdf
2 გრძელვადიანი ტრენდი შეფასებულია ბაზელის კომიტეტის რეკომენდებული მეთოდოლოგიით.
3 https://www.imf.org/en/Publications/WEO/Issues/2019/01/11/weo-update-january-2019
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service