ENGLISH
 

24.12.2018   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულება მიიღო. დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. რეგულაციის ძირითადი პრინციპის თანახმად, ფინანსურმა ინსტიტუტმა ფიზიკურ პირს არ უნდა დააკისროს სასესხო ან სხვა ვალდებულება (მაგ. თავდებობა) პირის გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ევროდირექტივების[1][2] ერთ-ერთი მოთხოვნაა და ასევე წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს.

რეგულირება გავრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ყველა სესხის გამცემ ორგანიზაციაზე. სესხის გამცემი ვალდებული იქნება სესხის გაცემისას შეაფასოს მომხმარებლის შემოსავალი, უზრუნველყოფის ღირებულება და გასცეს სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახდელი (PTI) და უზრუნველყოფის ღირებულება (LTV) ამ დებულებით დადგენილ ზღვრებს არ აღემატება (ცხრილი 1, 2). აღნიშნული კოეფიციენტები განსხვავებული იქნება ადგილობრივი და უცხოური ვალუტის სესხებისთვის, რაც მიზნად ისახავს მსესხებლების და ფინანსური სისტემის დაცვას უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობით გამოწვეული რისკებისგან.

დებულების პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისიდან ღია რეჟიმში მიმდინარეობდა: პროექტი გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, აქტიური შეხვედრები გაიმართა როგორც ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კონსულტაციების პროცესში გამოთქმული მოსაზრებები აისახა დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში. დებულება სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ერთდროულად, 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ანალოგიური ტიპის რეგულაცია ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაინერგა (მაგალითად: უნგრეთში, შვედეთში, დანიაში, ლიეტუვაში, ჩეხეთში, ესტონეთში და სხვა).

დებულება და დებულებასთან დაკავშირებით ხშირად დასმული შეკითხვები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.
 
 
 ცხრილი 1. სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტები
 

ყოველთვიური წმინდა
შემოსავალი,
ლარი



არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის

მაქსიმალურ/საკონტრაქტო
ვადიანობაზე
 

ჰეჯირებული მსესხებლებისათვის

მაქსიმალურ/საკონტრაქტო
ვადიანობაზე
 <1,000  20% / 25%  25% / 35%
 >=1,000-2,000<  35% / 45%
 >=2,000-4,000<  25% / 30%  45% / 55%
 >=4,000  30% / 35%  50% / 60%

შენიშვნა: სესხის მომსახურების კოეფიციენტი მაქსიმალურ ვადიანობაზე დაითვლება როგორც ანუიტეტური
გადახდები დებულებით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადებზე.

 

ცხრილი 2. სესხის უზრუნველყოფის მაქსიმალური კოეფიციენტები

 
 
ლარით გაცემული სესხებისთვის

    85%

 უცხოური ვალუტით გაცემული სესხებისთვის       

    70%
 

 
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service