ENGLISH
 

22.12.2018   ბეჭდვა
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 92 ხმით, ერთხმად, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ  წარადგინა.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად, და შესაძლო რისკების მიმოხილვა.

როგორც კობა გვენეტაძემ სხდომაზე აღნიშნა, ინფლაციის თარგეთირების პირობებში, ინფლაციის ოპტიმალური მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. "ეკონომიკისთვის დამაზიანებელია როგორც მაღალი ინფლაცია, ასევე დეფლაცია. ამასთან, განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, რაც ძირითადად, ქვეყნების პირველ ჯგუფში პროდუქტიულობის ზრდის უფრო მაღალი ტემპით აიხსნება. კერძოდ, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები საშუალოდ 1-2 პროცენტის, ხოლო განვითარებად ქვეყნებში კი 2-4 პროცენტის ფარგლებშია განსაზღვრული.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკურ ზრდასთან და ეროვნული ბანკის ინსტრუმენტების და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის განვითარებასთან ერთად, ეტაპობრივად იზრდება ეროვნული ბანკის შესაძლებლობები, რათა ინფლაცია ოპტიმალურ მაჩვენებელზე შეინარჩუნოს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, 2018 წლიდან მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდა და შემდგომი წლების განმავლობაში საშუალოვადიანი პერიოდის მიზნობრივი მაჩვენებელი 3% იქნება.

საშუალოვადიან პერიოდზე ხაზგასმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან შოკები მუდმივად ხდება და ინფლაციაც თითქმის ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან: სხვადასხვა დროს მან შესაძლოა გადააჭარბოს, ან მიზნობრივი მაჩვენებელის ქვემოთ იყოს, თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის მიზნობრივი მაჩვენებელისაკენ იმოძრავებს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საქართველოს პარლამენტში 2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას ისაუბრა საქართველოსთვის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელზე, რომელიც 3%-ზეა განსაზღვრული, არსებულ ინფლაციურ გარემოსა და პროგნოზებზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ წლის განმავლობაში ინფლაცია დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლის, 3%-ის, ირგვლივ ნარჩუნდებოდა.  

"მონეტარული პოლიტიკის მიზანი ვერ იქნება ინფლაციაზე მოქმედი მოკლევადიანი და ერთჯერადი ფაქტორების სრულად განეიტრალება. აღნიშნული შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მკვეთრად შემცირებისა და უმუშევრობის ზრდის ხარჯზე. 2017-2018 წლები იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ცენტრალურმა ბანკმა მიწოდების შოკების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი 2017 წელს მიზნობრივ დონეს აღემატებოდა, ეროვნულმა ბანკმა ზედმეტად არ გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, რითაც თავიდან აიცილა დასაქმებისა და ინფლაციის არასასურველი მერყეობა. საპირისპიროდ, მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის შიშით, 2017 წელს მონეტარული პოლიტიკის ზედმეტად გამკაცრების შედეგი 2018 წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალი ინფლაცია, შემცირებული ეკონომიკა და დასაქმება იქნებოდა.

ამ მიდგომით, ინფლაციის თარგეთირების პირობებში, ფასების სტაბილურობა ყველაზე დაბალი საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა სხვა ალტერნატივებთან შედარებით მაღალი და სტაბილურია", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, თავის გამოსვლისას, ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკისთვის მოქნილი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის აუცილებლობას კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის. კობა გვენეტაძის თქმით, მცურავი გაცვლითი კურსი ხასიათდება მოკლევადიანი მერყეობებით და ასრულებს შოკების მშთანთქავ ფუნქციას, რამდენადაც გაცვლითი კურსის ცვლილება ასუსტებს აღნიშნული შოკის გავლენას რეალურ ეკონომიკაზე - ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე.

"მოქნილი გაცვლითი კურსის მნიშვნელობა არაერთხელ დადასტურდა გასული პერიოდების კრიზისების დროს, როგორც რეგიონის, ასევე სხვა მრავალი ქვეყნის გამოცდილებით. ამის უახლოეს მაგალითს წარმოადგენს 2014-2015 წლების კრიზისიც, როდესაც რეგიონის გარკვეულ ქვეყნებში კურსის მოკლევადიანი მერყეობების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, გრძელვადიან პერიოდში კურსის დიდი გაუფასურება დაფიქსირდა. კურსის მოკლევადიანი რყევების დროს შოკები მეყსეულად აისახება გაცვლით კურსში და შედეგად არ ხდება რისკების დაგროვება, რასაც შემდგომ მნიშვნელოვანი დევალვაცია მოყვება ხოლმე, როგორც ეს 2014-2015 წლებში ჩვენი რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში მოხდა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა ინფლაციისა და გაცვლით კურსს შორის კავშირზე. "საყურადღებოა, რომ საქართველოში ხშირად აიგივებენ ინფლაციასა და ლარის კურსის აშშ დოლარის მიმართ გაუფასურებას. გაცვლითი კურსის ცვლილება ინფლაციის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, თუმცა ის არც ერთადერთ და, არც ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს. მაშინ როდესაც წლების წინ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან გაცილებით დაბალი იყო, ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნა ნიშნულსაც აღწევდა. მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობით კატეგორიული დასკვნების გამოტანა არ შეიძლება. თუმცა, ეს იმის ნათელი მაგალითია, რომ ინფლაციასა და გაცვლით კურსს შორის ცალსახა კავშირი არ არის. ინფლაცია უფრო მეტად დამოკიდებულია ერთობლივ მოთხოვნაზე და, რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე. დღეს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო და ინსტრუმენტები საკმარისად განვითარებული აქვს იმისთვის, რომ ინფლაცია მომავალშიც დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნოს", - აღნიშნა მან.

სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service