ENGLISH
 

31.10.2018   ბეჭდვა
სსფ-ს მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მესამე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე

მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განაცხადს ვიზიტის წინაწარი მიგნებების შესახებ. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლებელია, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს. მისიის მიგნებების საფუძველზე შედგება ანგარიში, რომელიც ხელმძღვანელობის დასტურის შემთხვევაში, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წარედგინება განხილვისა და გადაწყვეტილებისთვის.
  • სსფ-ს მისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე პროგრამის მესამე მიმოხილვის წარმატებით დასრულების შესახებ. მისიის წინასწარი შედეგები სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს 2018 წლის დეკემბერში წარედგინება.
  • ეკონომიკის ზრდის ტემპი შერბილდა, თუმცა სტრუქტურული რეფორმების შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ზრდის დაჩქარებას ველოდებით.
  • ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია. საპასუხოდ, მეტ მნიშვნელობას იძენს გაცვლითი კურსის მოქნილობა, ბუფერების/რეზერვების შევსებაზე მიმართული, გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გატარება და ჯანსაღი პოლიტიკა ფინანსურ სექტორში.
ამა წლის 17-29 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სსფ-ს მისია ქალბატონი მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი იყო სსფ-ს მიერ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობის მესამე მიმოხილვა. პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს ამბიციურ რეფორმების გეგმას მაღალი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად, ეკონომიკური და ფინანსური მოწყვლადობის შესამცირებლად.

ვიზიტის დასასრულს ქალბატონმა ვერა-მარტინმა განაცხადა შემდეგი:

"პროდუქტიული განხილვების შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ და სსფ-ს მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოს პროგრამის მესამე მიმოხილვის წარმატებით დასრულების შესახებ. ეს წინასწარი შეთანხმება დასამტკიცებლად წარედგინება სსფ-ს აღამასრულებელ დირექტორთა საბჭოს ამა წლის დეკემბრის თვეში. მიმოხილვის დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 30 მილიონი ეს-დე-ერი (დაახლოებით 41.6 მილიონი აშშ დოლარი). შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვები 120 მილიონ ეს-დე-ერ-ს (დაახლოებით 166.4 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდება.

"რეფორმების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. მესამე მიმოხილვის დასასრულებლად საჭირო კრიტერიუმების უმრავლესობა შესრულებულია.

"2018 წლის ივლისამდე ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა ძირითად სავაჭრო პარტნიორთა მაღალი ზრდისა და აქტიური ადგილობრივი მოთხოვნის გამო. თუმცა, ეს ფაქტორები ბოლოხანს შერბილდა. შესაბამისად, ჩვენ შევამცირეთ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი: 2018 წლისთვის - 5 პროცენტამდე (მანამდე არსებული 5.5 პროცენტიდან); ხოლო 2019 წლისთვის ზრდის პროგნოზი 4.6 პროცენტის დონეზე განვსაზღვრეთ. ექსპორტის, ტურიზმის და საერთაშორისო გადმორიცხვების მაღალი ზრდის მიუხედავად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2018-2019 წლებში მცირედით მატულობს საწვავის ფასების ზრდის გამო. ეკონომიკურ აქტივობას ხელს უწყობდა დაკრედიტების ზრდა.

"2018 წლის პირველ ნახევარში ფისკალური ბალანსი მოსალოდნელზე მაღალი იყო, ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპთან დაკავშირებული მაღალი შემოსავლების და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაგვიანების გამო. მიმდინარე წლის ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 2.3 პროცენტის დონეზეა ნავარაუდები. ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების დაპირებას, რომ შენარჩუნდება ფისკალური დისციპლინა, ხელისუფლების რეფორმის პროგრამა განხორციელდება და საქართველოს ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება.

"მონეტარული პოლიტიკა შესაფერისია და მართებულადაა მიმართული ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაზე. მოსალოდნელია, რომ 2018-2019 წლებში წლიური ინფლაცია ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებლთან ახლოს შენარჩუნდება. გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს დასაცავად საგარეო შოკებისგან.

"ეკონომიკაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია. ეს ძირითადად უკავშირდება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, განვითარებად ბაზრებში არსებულ რყევებს, ქვეყანათაშორის ინტეგრაციისა და გლობალური ზრდის ტემპის შენელებას. ამასთან, ფინანსური სფეროს ახალი რეგულაციების გამო დაკრედიტების ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელებამ, შესაძლოა, ეკონომიკის ზრდა დროებით შეამციროს. რისკების გათვალისწინებით აუცილებელია გაცვლითი კურსის მოქნილობის გაგრძელება, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება ბუფერების/რეზერვების ზრდის მიმართულებით და ფინანსური სექტორის ჯანსაღი პოლიტიკის გატარება.

"ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების განუხრელ გადაწყვეტილებას გააუმჯობესოს თავისი ფისკალური და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის ჩარჩო, გააძლიეროს საგადასახადო სამსახური, შეზღუდოს ფისკალური რისკები, და დახვეწოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების კონტროლი. 

"ფინანსური სექტორის რეფორმები კვლავაც მიმართული უნდა იყოს ფინანსური მდგრადობის გაძლიერებაზე. ფიზიკურ პირთა ჯანსაღი დაკრედიტების მიმართულებით შეთავაზებული რეგულაციის მიზნები მართებულია ჭარბი ვალის ტვირთისგან ფიზიკურ პირთა დასაცავად და ფინანსური სტაბილურობის რისკების შესამცირებლად. მაშინ, როცა მოსალოდნელია, რომ ამ რეგულაციის გრძელვადიანი ეფექტი პოზიტიური იქნება, ის უნდა ჩამოყალიბდეს და გაკონტროლდეს ყურადღებით, რათა მოსალოდნელზე მეტად არ შეანელოს დაკრედიტების ზრდა. სტრესის პირობებში ლიკვიდობის მიწოდებისა და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შექმნა ხელს შეუწყობს ფინანსური სტაბილურობის ზრდას. ამასთან, დოლარიზაციის შემცირება უნდა გაგრძელდეს მიზანმიმართული და ბაზარზე ორიენტირებული პრუდენციული ღონისძიებებით, რომლებიც ითვალისწინებს არაჰეჯირებულ მსესხებლებზე უცხოური ვალუტით სესხის გაცემის რისკებს, და ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა დაცვის გზით. 

"ხელისუფლების რეფორმის განუხრელი შესრულება უკიდურესად მნიშვნელოვანია მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის მისაღწევად. პრიორიტეტია განათლების სისტემის რეფორმა, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, საქართველოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება.

"სსფ-ს მისია მადლობას უხდის ქვეყნის ხელისუფლებას გახსნილი და კონსტრუქციული განხილვებისთვის და მასპინძლობისთვის."
 
 
 
 
 
 

 

 
<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service