ENGLISH
 

25.09.2018   ბეჭდვა
Global Finance-მა კობა გვენეტაძე 2018 წლის საუკეთესო ცენტრალურ ბანკირებს შორის დაასახელა

მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2018 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა. 

საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემა - Global Finance - ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, ცენტრალური ბანკების მმართველთა შეფასებას ატარებს და წლიურ ანგარიშსაც (Central Banker Report Cards) აქვეყნებს, სადაც საუკეთესო ცენტრალურ ბანკირებს ავლენს.

აღსანიშნავია, რომ Global Finance-ის მიერ დაჯილდოება ფართოდ არის აღიარებული საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს.

ბანკირების შეფასება ძირითადად მონეტარული და სავალუტო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებს, მათ შორის, ინფლაციის კონტროლს, საპროცენტო განაკვეთების მართვასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის შეფასებაში წელს პირველად ჩართო და, ამ კრიტერიუმების მიხედვით, ის A- შეფასებით ცენტრალური ბანკის მმართველების იმ ელიტარულ კლუბში მოხვდა, რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს. 13 ოქტომბერს, ინდონეზიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში სწორედ ამ 16 საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება, სადაც მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც არის მიწვეული.

2018 წლის Central Banker Report Cards-ში 90 ცენტრალური ბანკირი შეფასდა (85 ქვეყნის და 5 რეგიონალური ცენტრალური ბანკის მმართველები) და მისი სრული ვერსია ოქტომბერში გამოქვეყნდება. "ცენტრალური ბანკების მმართველები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან, ისეთების როგორიცაა რაოდენობრივი შერბილების პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა თუ ეკონომიკის დაცვა პოლიტიკური ძვრებისაგან. ჩვენი შეფასებები ავლენს სახელმწიფო ფინანსური სექტორის იმ ლიდერებს, რომლებიც აღნიშნული გამოწვევების ფონზე ინარჩუნებენ სადავეებს და წინ მიიწევენ, მაგრამ, ასევე მათაც, ვისაც უჭირთ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცვლილებებთან შეგუება", - განაცხადა  Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

1987 წელს დაარსებული Global Finance დღეს მიმოქცევაშია 193 ქვეყანაში, 50,000-იანი ტირაჟით. ჟურნალის მკითხველებს შორის არიან მულტიეროვნულ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი უფროსი კორპორაციული და ფინანსური მენეჯერები. ჟურნალის ვებგვერდზე - GFMag.com - ქვეყნდება ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე 31-წლიანი გამოცდილების შედეგია. Global Finance შტაბ-ბინა ნიუ-იორკშია განლაგებული და ჟურნალს გააჩნია წარმომადგენლობები მთელ მსოფლიოში. Global Finance ყოველწლიურად ირჩევს ბანკებისა და ფინანსური მომსახურების სხვა პროვაიდერების საუკეთესო წარმომადგენლებს. Global Finance-ის ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის ხარისხის ერთგვარ სტანდარტს წარმოადგენს.
Global Finance-ის პრესრელიზი იხილეთ შემდეგ ბმულზე:


https://d2tyltutevw8th.cloudfront.net/media/document/global-finances-central-banker-report-cards-201-1534514458.pdf
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service