ENGLISH
 

04.09.2018   ბეჭდვა
კობა გვენეტაძემ პარიზში გამართულ კონტინენტთა დიალოგის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ "კონტინენტთა დიალოგის ფორუმში" მიიღო მონაწილეობა, რომელიც "ბრეტონ ვუდსის კომიტეტის განახლებისა" და ჰამბურგის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ არის ორგანიზებული. ფორუმში, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი მასპინძლობს, მონაწილეობენ წარმომადგენლები გლობალური მაკროეკონომიკისა და ფინანასების მიმართულებით სამთავრობო სტრუქტურებიდან, ცენტრალური ბანკებიდან, კერძო სექტორიდან, და კვლევითი ორგანიზაციებიდან.

კონტინენტთა დიალოგის ფორუმი გლობალურ ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებს ეძღვნება, მათ შორის ისეთ ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია კონტინენტთაშორის კავშირების გაძლიერებისაკენ, როგორიცაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ შემოთავაზებული "ერთი გზა, ერთი სარტყელის (BRI)" ინიციატივა. ფორუმის მონაწილეებს კობა გვენეტაძემ წარუდგინა მოხსენება თემაზე "ერთი გზა, ერთი სარტყელის (BRI) - მაკროეკონომიკური გამოწვევები".

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა იმ მაკროეკონომიკურ შედეგებზე, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში "ერთი გზა, ერთი სარტყელის (BRI)" ინიციატივის განხორციელების შედეგად საქონლის, მომსახურების და კაპიტალის მოძრაობის გააქტიურებასთან. კობა გვენეტაძის თქმით, "ვაჭრობის ზრდისა და ინვესტიციების გააქტიურების შედეგად, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს რეგიონში უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევას". 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებული პროექტების რეალიზების შედეგად კაპიტალის შემოდინების დროს რეგიონის ქვეყნებს დასჭირდებათ ჯანსაღი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რათა ხელი შეუწყონ ამ პირობებში რეალური გაცვლითი კურსისა და ეკონომიკური ზრდის სტაბილურობას. ამ მიზნების მისაღწევად ეფექტური მაკროეკონომიკური პოლიტიკა ძირითადად მოიცავს: მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის შენარჩუნებას და მაკროპრუდენციული პოლიტიკის, მათ შორის დე-დოლარიზაციის ღონისძიებების განხორცილებას. შეხვედრაზე კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა მაკროეკონომიკური ინსტიტუტების გაძლიერებისათვის ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მნიშვნელობას, რაც რეგიონის ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს სტაბილური მაკროეკონომიკური მდგომარეობის მიღწევით ხელი შეუწყონ რეგიონში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას.  

ორგანიზაცია - "ბრეტონ ვუდსის კომიტეტის განახლება" 1994 წლიდან რეგულარულად ატარებს მაღალი დონის ფორუმებს მიმდინარე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების საპასუხოდ გლობალური ფინანსური არქიტექტურის რეფორმირებასთან დაკავშირებით.
<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service