ENGLISH
 

15.08.2018   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის რეგულაციის პროექტი გამოაქვეყნა

საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის (Net Stable Funding Ratio (NSFR)) რეგულაციის პროექტს აქვეყნებს. რეგულაციის მიზანს საბანკო სექტორის მიერ მოზიდული დაფინანსების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. შემოდის ახალი პრუდენციული კოეფიციენტი და მოთხოვნა, რომ ბანკის ვალდებულებების სტრუქტურა მისივე საბალანსო და გარესაბალანსო აქტივობების ადეკვატური იყოს. ამასთანავე, რეგულაცია ხელს შეუწყობს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ვადიანობის ტრანსფორმაციით (როდესაც ბანკი იზიდავს მოკლევადიან სახსრებს და გასცემს გრძელვადიან სესხებს) წარმოშობილი რისკების შემცირებას, რაც მათ დაფინანსების გრძელვადიან, სტაბილურ წყაროებზე მეტი აქცენტის გაკეთების საშუალებას მისცემს.

NSFR-ის სტანდარტი საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ გლობალური ფინანსური კრიზისის გამოცდილების გათვალიწინებით შემუშავდა და ბაზელ III-ის ჩარჩოს ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. სებ-ის მიერ წარმოდგენილი პროექტი აღნიშნული სტანდარტის პრინციპებთან შესაბამისობაშია და, ამასთანავე, ითვალისწინებს ევროკავშირში მოქმედი დირექტივების (CRD IV - CRR) მოთხოვნებსა და ევროპის საბანკო უწყების (EBA - European Banking Authority) რეკომენდაციებს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობისა და ფონდირების რისკების რეგულირებისთვის მინიმალური მოთხოვნა 1998 წლიდან დააწესა (ლიკვიდური აქტივები შეფარდებული მოკლევადიან ვალდებულებებთან ≥30%). 2017 წელს ასევე დაინერგა ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის სტანდარტი. მას შემდეგ, რაც NSFR-იც ამოქმედდება, გაუქმდება არსებული 30%-ის მოთხოვნა და ის რისკების მონიტორინგის ინსტრუმენტად გადაიქცევა. შედეგად, ლიკვიდობისა და ფონდირების რისკთან მიმართებაში, სებ-ის მიდგომები სრულ თანხვედრაში იქნება ბაზელ III-ის პრინციპებთან.

წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის რეგულაციის პროექტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე - სამართლებრივი აქტების პროექტები. დაინტერესებული მხარეებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 15 აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: NSFR@nbg.gov.ge

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service