ENGLISH
 

27.05.2005   ბეჭდვა
რომან გოცირიძემ აფხაზეთის კომერციულ ბანკებთან უკანონო თანამშრომლობის აღკვეთის საკითხი საერთაშორისო ფორუმზე დააყენა

სანკტ-პეტერბურგში (რუსეთი) შუა აზიის, ბალკანეთისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის ყოველწლიური, რიგით მეცამეტე შეხვედრა გაიხსნა, რომლის მუშაობაშიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე მონაწილეობს. საქართველოს გარდა, კლუბის წევრები არიან ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ყაზახეთი, მაკედონია, მოლდოვა, რუსეთი, რუმინეთი, სერბეთი და მონტენეგრო, სომხეთი, საბერძნეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი და უკრაინა. მმართველთა კლუბის შეხვედრის პირველ საკითხად მონაწილეებმა მოისმინეს საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის გენერალური მმართველის მალკოლმ ნაიტის მოხსენება: “სავალუტო კურსის როლი განვითარებადი ქვეყნების ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ფორმირებისას”. გარდა ამისა, პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა გარდამავალი ეკონომიკის ქყვენებში რეფორმების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. სანკტ-პეტერბურგში “მმართველთა კლუბის” შეხვედრაზე გამოსვლისას, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ყურადღება საქართველოს ეკონომიკაში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა, მათ შორის, გამოყო პოზიტიური ცვლილებები ფისკალურ და ფულად-საკრედიტო სფეროში. რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა გარდაქმნებმა ეკონომიკურ ზრდაზე იმოქმედა, რაც ბოლო ერთი წლის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტის გაორმაგებასა და ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვან მატებაში აისახა. მოხსენების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ახალ მიდგომებს, რომელსაც ეროვნული ბანკი პრივატიზაციიდან მიღებული დიდძალი შემოსავლების ინფლაციურ პროცესებზე უარყოფითი ზემოქმედების განეიტრალებისათვის იყენებს. ამ თემას შეხვედრის მონაწილეთა დიდი ინტერესი მოჰყვა და თითქმის ყველა გამომსვლელი გამოეხმაურა, რადგან ბევრ ქვეყანაში შეიმჩნევა პრივატიზაციიდან, ან ნავთობპროდუქტებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების რეალიზაციის შედეგად ჭარბი ვალუტის შემოდინება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ბევრი ქვეყანა იყენებს ე.წ. სტაბილიზაციის ანგარიშების, ან სტაბილიზაციის ფონდების შექმნის პრაქტიკას. მაგალითად რუსეთში არსებობს ამგვარი სტაბილიცაზიის ფონდი, რომლიდანაც კანონით აკრძალულია ჭარბი შემოსავლის ხარჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჭიროა ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვაა, ან საგარეო ვალის გასტუმრება. ანალოგიური სისტემა აქვთ ჩეხეთშიც, სადაც პრივატიზაციიდან შემოსული ფული ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე აღირიცხება და იგი ბიუჯეტის ეტაპობრივი დაფინანსებისათვის გამოიყენება. ანალოგიური ვითარებაა რუმინეთშიც. რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა სერგეი იგნატევმა რომან გოცირიძეს ამ ფონდის საქმიანობის ადგილზე შესწავლა შესთავაზა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლეშეკ ბალცეროვიჩმაც მიიწვია. დღის მეორე ნახევარში რომან გოცირიძემ მმართველთა კლუბის შეხვედრის მონაწილეებს აფხაზეთში შემქნილი ვითარება გააცნო, სადაც რუსეთის ფედერაციის ცალკეული ბანკების მხრიდან სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ საფინანსო სტრუქტურებთან უკანონო თანამშრომლობა ხორციელდება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ამგვარი უკანონო საქმიანობის აღკვეთა მოითხოვა. ამავე დროს, რომან გოცირიძემ მადლობა გადაუხადა ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის იმ წევრებს, რომლებმაც საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე უარი თქვეს თვითაღიარებული რეგიონების, მათ შორის, აფხაზეთის არალეგიტიმურ საბანკო დაწესებულებებთან თანამშრომლობაზე. რუსეთის მსგავსად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ არალეგიტიმურ საფინანსო სტრუქტურებთან ყირგიზეთის კომერციული საბანკო დაწესებულებებიც თანამშრომლობენ. რომან გოცირიძემ რეაგირებისათვის ყირგიზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს ულან სარბანოვსაც მიმართა. ყირგიზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ რომან გოცირიძეს აღუთქვა, რომ მიიღებს უმკაცრეს ზომებს აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ფინანსურ დაწესებულებებთან ყირგიზული ბანკების უკანონო თანამშრომლობის აღსაკვეთად.ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის შეხვედრამდე რუსეთის ცალკეული ბანკების მხრიდან აფხაზურ საფინანსო სტრუქტურებთან გააქტიურებული თანამშრომლობის შესახებ რომან გოცირიძემ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარესა და ყირგიზეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც რომან გოცირიძემ კოლეგებს მოუწოდა, შესაბამისი სტრუქტურებისათვის დაევალებინათ აღნიშნული პრობლემის შესწავლა, მიიეღოთ გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის, დსთ-ის ქვეყნების მეთაურთა მიერ აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შესაბამისი პრინციპების გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რუსეთმა არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტები, საქართველოს ეროვნული ბანკი მიმართავს უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციებს - FATF-სა (ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა ჯგუფი) და MONEYVAL-ს (ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა კომიტეტი) რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე. 
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service