ENGLISH
 

08.06.2018   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტება

ბოლო დღეებში, სოციალური ქსელებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ეროვნული ბანკი ემიგრანტებისთვის შემზღუდველი რეგულაციის დაწესებას გეგმავს. საუბარია იმაზე, რომ ემიგრანტები და მათი ოჯახები ფულადი გზავნილების საფუძველზე იპოთეკური სესხის მიღებას ვეღარ შეძლებენ, და ის მაქსიმალური თანხა, რისი მიღებაც გზავნილით იქნება შესაძლებელი, 2,000 ლარია.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფულადი გზავნილებით მიღებულ შემოსავლების მქონე პირებზე სესხების გაცემას კომერციული ბანკები აქამდე არსებული პრაქტიკით და მოქმედი პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად აგრძელებენ. სებ-ის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ნორმატიულ ცვლილებებს, მათ შორის 2018 წლის 7 მაისს ძალაში შესულ "კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებას", რომლითაც კომერციულ ბანკებს გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული სესხების მოცულობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ის ოდენობით შეეზღუდათ, აღნიშნული კუთხით არავითარი დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესებია, ვინაიდან, გზავნილებიც, როგორც შემოსავლების სხვა სახეები, ითვლებოდა და ასევე ჩაითვალება დადასტურებული შემოსავლების წყაროდ.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების პროექტს, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ სამსჯელოდ გამოვიტანეთ ამ დებულების მხოლოდ სამუშაო ვარიანტი, რომელიც ჩართული მხარეების კომენტარებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, საბოლოოდ დამტკიცებამდე დაიხვეწება და დაკორექტირდება.

და ბოლოს, ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ახორცილებს, ემსახურება მომხმარებელთა ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვას და მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელის გაჯანსაღებას.
<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service