ENGLISH
 

22.05.2018   ბეჭდვა
ეროვნულმა ბანკმა "პირველ საკრედიტო კავშირს” საქმიანობის ლიცენზია გაუუქმა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, რეგისტრირებულ კოოპერატივ "პირველ საკრედიტო კავშირს" (ს/კ 404385063) საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. 

ამ გადაწყვეტილების საფუძველი კავშირის ხელმძღვანელობის მიერ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებების ფარგლებში დაწესებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გახდა. კერძოდ, მიუხედავად არაერთი მითითებისა, "პირველი საკრედიტო კავშირის" ხელმძღვანელობამ არ განახორციელა ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების ქმედებები. ასევე, ადგილზე შემოწმებისას გამოვლინდა კავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან როგორც საკანონმდებლო, ისე საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მოთხოვნების შეუსრულებლობის, არასწორი/დამახინჯებული ინფორმაციის წარმოდგენისა და კავშირის არაჯანსაღი პრაქტიკით მართვის ფაქტები. შემდგომ ეტაპზე, შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, კავშირის ხელმძღვანელობას დაევალა რეაბილიტაციის გეგმის შემუშავება, საერთო კრების მოწვევა, კრედიტორებისთვის კავშირის არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და დამატებითი კაპიტალიზაციის განხორციელება იმ მოცულობით, რაც უზრუნველყოფდა კავშირის კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანას. თუმცა, სამწუხაროდ, კავშირის ხელმძღვანელობამ ეროვნული ბანკის მოთხოვნები არ გაითვალისწინა. 

ლიკვიდაციის პროცესში განხორციელდება კავშირის ვალდებულებების აღრიცხვა, ასევე, აქტივების მობილიზება და კანონით განსაზღვრული სხვა ქმედებები კრედიტორთა ვალდებულებების გასტუმრების მიზნით.
 

რკ "პირველი საკრედიტო კავშირის" ლიკვიდატორის განცხადება

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას რეგისტრირებული კოოპერატივის "პირველი საკრედიტო კავშირს" ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, კავშირის ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირის შემთხვევაში:
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • კავშირის მიმართ მოთხოვნის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;
  • საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები.

იურიდიული პირის შემთხვევაში:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ
  • უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • კავშირის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;
  • საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია
ლიკვიდატორი: არჩილ ვაშაკიძე  (01008005193) 
მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 154


 

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service